30-01-2020
თბილისში, ევროპის მოედანზე განთავსებული ე.წ. რიყის დოქები აუქციონზე გაიყიდება, – ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ნათია თურნავამ მთავრობის სხდომის შემდეგ განაცხადა.
ეკონომიკის სამინისტრომ საპრივატიზაციო ნუსხაში ე.წ. რიყის დოქები პროექტის „100 საინვესტიციო შეთავაზება ბიზნესს“ ფარგლებში შეიტანა.მისი თქმით, ობიექტი 95 მლნ ლარად შეფასდა.
„ამ ობიექტს გარკვეული მომზადება დასჭირდა. თავს დროზე, საკმაოდ ძვირი დაჯდა მისი მშენებლობა. სამწუხაროდ, დღემდე ამ ობიექტმა, მიუხედავად იმისა, რომ დიდი თანხები დაიხარჯა მის შექმნაში, ვერ იპოვა თავისი გამოყენება, ფუნქცია, არადა ძალიან თვალსაჩინო ადგილზე, თბილისის შუაგულშია განთავსებული, ტურისტებისთვის ერთ-ერთ ყველაზე საინტერესო ადგილზე. აქედან გამომდინარე, სწორია, შევეცადოთ გამჭვირვალე პრივატიზების გზით ბიზნესთან პარტნიორობაში ვიპოვოთ ამ ობიექტის სწორი გამოყენება, რომელიც ბიზნესისთვისაც სწორი და საინტერესო იქნება.
ამ გამჭვირვალე აუქციონის გზით შევძლებთ, გავტესტოთ რამდენად რელევანტურია ეს ფასი დღევანდელი საბაზრო მოთხოვნების მიმართ, შევხედოთ რამდენად ობიექტურია“, – განაცხადა თურნავამ.