30-01-2020
ამერიკელი სენატორების წერილს პარლამენტის ვიცე-სპიკერი, მამუკა მდინარაძე ეხმაურება.
მდინარაძის თქმით, წერილში საუბარია რამდენიმე ისეთ ფაქტზე, რაც საერთოდ არ მომხდარა. მაგალითად, ბიძინა ივანიშვილი ოპოზიციის წევრებს ციხეში გაშვებით არ დამუქრებია.
„ბუნებაში არ არსებობს ის რამდენიმე ფაქტი, რომელიც სამწუხაროდ კრიტიკას საფუძვლად დაედო. მაგალითად, ბიძინა ივანიშვილი არსად დამუქრებია ოპოზიციას, რომ ციხეში გაუშვებს. ეს არის აბსოლუტურად კონტექსტიდან ამოგლეჯილი ფრაზა, რომელიც სხვა რამეზე იყო მიმართული.
თემები, რაზეც არის საუბარი უფრო გაირკვევა ჩვენი ვიზიტის შემდეგ, რომელიც არის დაგეგმილი უახლოეს დღეებში ამერიკის შეერთებულ შტატებში. ჩვენ იმედი გვაქვს, რომ მათი პოზიცია, ვინც დღეს კრიტიკით გამოირჩევა საქართველოს ხელისუფლების მიმართ, დაემთხვევა სახელმწიფო დეპარტამენტის ცოტა ხნის წინანდელ პოზიციას, რომელიც იყო აბსოლუტურად პოზიტიური," - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.
აღნიშნული წერილი ამერიკის შეერთებული შტატების სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ, რესპუბლიკელმა სენატორმა, ჯიმ რიშიმ და ევროპის ქვეკომიტეტის უმცირესობის დემოკრატმა ლიდერმა სენატორმა, ჯინ შაჰინიმ გიორგი გახარიას გამოუგზავნეს.