10-02-2020
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა, ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის შესაბამის სამსახურთან თანამშრომლობით, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, სასამართლოს განჩინების საფუძველზე, სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით დიდი ოდენობით სხვისი ქონების მითვისების და სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, დიდი ოდენობით სხვისი ნივთის მოტყუებით დაუფლების ფაქტებზე ქ. თბილისის მერიის ააიპ "მუნიციპალური სერვისების განვითარების სააგენტო"-ს ადმინისტრაციის ყოფილი უფროსი და სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, დიდი ოდენობით, სხვისი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მითვისებაში დახმარების ფაქტზე შპს „ტექრეისერს“-ის ფაქტობრივი მფლობელი დააკავეს, ხოლო სისხლის სამართლის პასუხისგებაში მისცეს სამი პირი.
გამოძიებამ დაადგინა, რომ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ააიპ "მუნიციპალური სერვისების განვითარების სააგენტო"-ს ადმინისტრაციის ყოფილმა უფროსმა, წინასწარი განზრახვის შესაბამისად, 34550 ლარით გაზრდილ ფასად შპს „ტექრეისერს“-ისგან შეისყიდა 23 ერთეული კომპიუტერი, ე.წ. „ლეპტოპი“, გაზრდილი ფასის შედეგად დარჩენილ სხვაობას კი მართლსაწინააღმდეგოდ დაეუფლა შპს “ტექრეისერს”-ის დირექტორისა და ამავე კომპანიის ფაქტობრივი მფლობელის დახმარებით.
ასევე, ააიპ „მუნიციპალური სერვისების განვითარების სააგენტო“-ში, სააგენტოს ადმინისტრაციის ყოფილმა უფროსმა, თავისი რეკომენდაციით, 2019 წლის აგვისტოში დაასაქმა ორი პირი, რომლებიც მასთან წინასწარი შეთანხმებით არ ასრულებდნენ დაკისრებულ უფლება-მოვალეობებს, არ ცხადდებოდნენ სამსახურში, სახელფასო ბარათები გადაცემული ჰქონდათ ადმინისტრაციის ყოფილი უფროსისთვის, რომელიც მართლსაწინააღმდეგოდ დაეუფლა აღნიშნული პირების სახელზე ჩარიცხულ 29 000 ლარს.
გამოძიება სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით დიდი ოდენობით თაღლითობის, სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით დიდი ოდენობით მითვისების, დიდი ოდენობით სხვისი ნივთის მოტყუებით დაუფლების და სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით დიდი ოდენობით სხვისი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მითვისებაში დახმარების ფაქტებზე მიმდინარეობს (საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით, 182-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით, მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და 25,182-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით და მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 7-დან 11 წლამდე ვადით). გამოძიებას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტო აწარმოებს.