10-02-2020
საქართველოში ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ელჩმა, ლი იანმა პრესკონფერენციაზე საუბრისას განაცხადა, რომ მას სჯერა ჩინეთ-საქართველოს შორის მჭიდრო კომუნიკაციითა და თანამშრომლობით, შევძლებთ ეპიდემიის პრევენციასა და კონტროლს.
როგორც ჩინეთის ელჩმა აღნიშნა, საქართველომ მიიღო გარკვეული დროებითი ზომები ეპიდემიის გავრცელების თავიდან ასაცილებლად, მათ შორისაა პირდაპირი ფრენების შეჩერება და ჩინეთიდან ცოცხალი ცხოველების იმპორტის აკრძალვა. ელჩის თქმით, საქართველოს მხრიდან არ არის საჭირო ზედმეტი ნერვიულობა.
„ეპიდემიის განვითარების ფონზე ქართულმა მხარემ მიიღო გარკვეული პრევენციული ზომები, როგორიცაა აეროპორტებში სხეულის ტემპერატურის მონიტორინგი და ა.შ. გვჯერა, რომ ჩინეთ-საქართველოს შორის მჭიდრო კომუნიკაციითა და თანამშრომლობით, შევძლებთ ეპიდემიის პრევენციასა და კონტროლს. ქართველ ხალხს რაციონალური დამოკიდებულება აქვს ეპიდემიის მიმართ და თანაგრძნობას გამოხატავს ჩინეთისადმი. ზოგიერთმა სამთავრობო და არასამთავრობო ორგანიზაციამ დახმარების ხელიც გაუწოდა ჩინეთს. თუმცა ამავდროულად, მედიასა და სოციალურ ქსელებში გამოჩნდა მცდარი და არამეგობრული განცხადებები ეპიდემიისა და ჩინეთის წინააღმდეგ. ჭორები და მცდარი ინფორმაცია უფრო საშიშია ვიდრე ვირუსი.
ეპიდემიასთან ბრძოლაში, მსოფლიოს ხალხი ლხინსა და ჭირში ერთად მდგომი საერთო ბედის საზოგადოებაა. გარდა ამისა, საქართველომ მიიღო გარკვეული დროებითი ზომები ეპიდემიის გავრცელების თავიდან ასაცილებლად, მათ შორისაა პირდაპირი ფრენების შეჩერება და ჩინეთიდან ცოცხალი ცხოველების იმპორტის აკრძალვა. მინდა ხაზგასმით აღვნიშნო, რომ საქართველოს მხრიდან არ არის საჭირო ზედმეტი ნერვიულობა. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ ცხადყო, რომ ჩინეთზე სამოგზაურო და სავაჭრო შეზღუდვები არ არის რეკომენდებული. ვიმედოვნებთ, რომ საქართველო გააუქმებს ამ დროებით ზომებს რაც შეიძლება მალე, ჩინეთსა და საქართველოს შორის ჩვეული მიმოსვლის და მიმდინარე პროექტების შეუფერხებელი წინსვლის უზრუნველსაყოფად, რათა ერთობლივად შევუწყოთ ხელი ჩინეთ-საქართველოს ურთიერთობების უწყვეტ და ჯანსაღ განვითარებას და სხვადასხვა სფეროში პრაქტიკულ თანამშრომლობას“, – განაცხადა ელჩმა.
ელჩის, ლი იანის თქმით, ჩინეთი გააგრძელებს მჭიდრო კომუნიკაციასა და თანამშრომლობას საერთაშორისო თანამეგობრობასთან, მათ შორის საქართველოსთან, რომ უმოკლეს დროში დაამარცხოს ეპიდემია.
„ეპიდემიამ გარკვეული უარყოფითი გავლენა უკვე მოახდინა ჩინეთ-საქართველოს შორის მიმოსვლაზე, ვიზიტებსა და იმპორტ-ექსპორტზე და შეიძლება ასევე გავლენა იქონიოს მიმდინარე მასშტაბური სატრანსპორტო ინფრასტრუქტურული პროექტების ტემპზე. ჩინეთი გააგრძელებს მჭიდრო კომუნიკაციასა და თანამშრომლობას საერთაშორისო თანამეგობრობასთან, მათ შორის საქართველოსთან, რომ უმოკლეს დროში დაამარცხოს ეპიდემია. კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ ქართულ მხარეს, რომ ყურადღებით გადახედოს უკვე მიღებულ დროებით შემზღუდველ ზომებს, იმ ზარალის მინიმუმამდე შემცირების მიზნით, რაც შეიძლება გამოიწვიოს ეპიდემიამ ჩინეთსა და საქართველოს შორის სხვადასხვა სფეროში თანამშრომლობისთვის“, – აღნიშნა ელჩმა.