12-02-2020
სტრასბურგში სამუშაო ვიზიტით მყოფმა პოლიტიკური გაერთიანება "ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს" გენერალურმა მდივანმა კახა კალაძემ და აღმასრულებელმა მდივანმა ირაკლი კობახიძემ ევროპარლამენტში ორმხრივი შეხვედრები გამართეს.
პარტიის ლიდერები ევროპარლამენტარებს მიხაელ გალერს, სანდრა კალიენტეს, ვოლოდიმერ შიმოჩევიშს და სვენ მიქსერს შეხვდნენ.
შეხვედრებზე საუბარი შეეხო ასოცირების ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულებას, დაგეგმილ და მიმდინარე რეფორმებს, საქართველოში არსებულ პოლიტიკურ პროცესებს და წინასაარჩევნო გარემოს.
ევროპარლამენტარებმა მოისმინეს მმართველი პარტიის ხელმძღვანელების ხედვები მათთვის საინტერესო ყველა თემაზე.
"ძალიან ნაყოფიერი შეხვედრები გვქონდა. ვისაუბრეთ ასოცირების ხელშეკრულებით ნაკისრ ვალდებულებებზე, ასევე ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებზე. ბევრი კითხვა დაისვა და რა თქმა უნდა, ჩვენი მხრიდან გაკეთდა ახსნა-განმარტებები. მივაწოდეთ ინფორმაცია ჩვენს მეგობრებს, თუ როგორი პოლიტიკური მდგომარეობაა ქვეყანაში. რაც შეეხება არჩევნებს, ხაზი გავუსვით, რომ ყველაფერს გავაკეთებთ, რათა არჩევნები ჩატარდეს თავისუფალ, მშვიდობიან გარემოში გამჭვირვალედ, რათა ყველა პოლიტიკურ პარტიას, ყველა პოლიტიკურ სუბიექტს ჰქონდეს შესაძლებლობა თავისუფალ გარემოში წარუდგინოს საკუთარი ხედვები მოსახლეობას და ჩაატაროს საარჩევნო კამპანია,"- აღნიშნა კახა კალაძემ.
მისივე თქმით, შეხვედრებზე ისაუბრეს გიგი უგულავას დაკავებასთან დაკავშირებით. პარტიის ლიდერებმა ევროპარლამენტარებს მიაწოდეს ინფორმაცია, რომ ამ საქმეს პოლიტიკათან კავშირი არ აქვს, საქმე ეხება 48 მილიონი ლარის გაფლანგვას და ამის მყარი მტკიცებულებები არსებობს.
აღინიშნა, რომ 2012 წლის შემდეგ საქართველოში მთელი რიგი ნაბიჯები გადაიდგა სასამართლოსა და პროკურატურის დამოუკიდებლობისთვის, შესაბამისად, ხელისუფლება არ და ვერ ჩაერევა სასამართლოს გადაწყვეტილებებში.
სასარგებლო დიალოგი უწოდა „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა ირაკლი კობახიძემ სტრასბურგში გამართულ შეხვედრებს.
„დღეს გვქონდა რამდენიმე შეხვედრა ევროპარლამენტის წევრებთან, გვქონდა ძალიან საინტერესო დისკუსიები სხვადასხვა თემაზე, განვიხილეთ ყველა თემა, რომელიც უკავშირდება საქართველოს და ევროკავშირის ურთიერთობას, თანამშრომლობას, დაწყებული ასოცირების შეთანხმების იმპლემენტაციით, დამთავრებული შიდა პოლიტიკური პროცესებით. ჩვენი ამოცანა იყო დეტალური ინფორმაციის მიწოდება ჩვენი პარტნიორებისთვის, ევროპარლამენტის წევრებისთვის და ამას დაეთმო თითოეული ჩვენი შეხვედრა“ - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
რაც შეეხება გიგი უგულავას საკითხს, ირაკლი კობახიძის თქმით, ევროპარლამენტარებს მიაწოდეს ის ინფორმაცია, რაც საზოგადოებას აქვს.
მისი თქმით, საქმის შინაარსთან დაკავშირებით კითხვები არ ისმება არც საქართველოში და არც მის ფარგლებს გარეთ. ერთადერთი კითხვა ისმება დროსთან დაკავშირებით, ხომ არ უკავშირდება ეს არჩევნებს და აქედან გამომდინარე, ხომ არ არის პოლიტიკურად აქტუალური, რაზეც პარტნიორებს განუმარტეს, რომ საქართველოში პრაქტიკულად ყოველი წელი საარჩევნოა და ასეთ შემთხვევაში საერთოდ ვეღარ უნდა ჩატარდეს ვერანაირი გამოძიება.
მისივე თქმით, 48 მილიონი გაიფლანგა ნაცმოძრაობის საარჩევნო მიზნების რეალიზებისთვის, რაზეც უამრავი მტკიცებულება არსებობს.
ევროპარლამენტში გამართულ შეხვედრებს საქართველოს პარლამენტის წევრები კახა კუჭავა, დავით სონღულაშვილი, ირაკლი ბერაია და ლევან კობიაშვილი ესწრებოდნენ.