11-03-2018
ქართველი კანონმდებლები განიხილავენ შესაძლებლობას, თუ როგორ შეიძლება გაწევრიანდეს საქართველო ნატოში დაჩქარებული წესით, მრავალწლიანი წარუმატებელი მცდელობის შემდეგ. ჩრდილოატლანტიკური ალიანსის ხელმძღვანელებმა ჯერ კიდევ 2008 წლის აპრილში განაცხადეს, რომ ნატოს კარი ღიაა საქართველოსა და უკრაინისათვის, მაგრამ იმავდროულად მათ ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკებისათვის „მაპ“-ი არ მიუციათ, რომელიც ჩვეულებრივად გათვალისწინებულია ალიანსში გაწევრიანების კანდიდატი ქვეყნებისათვის.
დღეს კი თბილისში პარლამენტის წევრები აცხადებენ, რომ ისინი სერიოზულად განიხილავენ ალიანსში გაწევრიანების დაჩქარებულ ვარიანტს, რომელიც ამას წინათ აშშ-ის ერთ-ერთი ანალიტიკური ცენტრის - Heritage Foundation-ის მიერ იქნა შემუშავებული.
როგორც „ამერიკის ხმას“ პარლამენტის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ განუცხადა, „ჩვენი ეროვნული პრიორიტეტებისა და სტრატეგიულ პარტნიორებთან კონსულტაციების გათვალისწინებით ყველაფერს გავაკეთებსთ, რომ ნატოსთან ინტეგრაცია დავაჩქაროთ“. მან დაიმოწმა Heritage Foundation-ის მიერ შეთავაზებული ვარიანტი, რომლის მიხედვით ნატოს წესდების მე-5 მუხლი, ანუ კოლექტიური თავდაცვის პრინციპი დროებით არ გავრცელდება რუსეთის მიერ ოკუპირებულ აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის ტერიტორიაზე.
(...)
იმის მიუხედავად, რომ საქართველომ 2010 წელს ივალდებულა ძალა არ გამოიყენოს ორ სეპარატისტულ რეგიონზე თავისი კონტროლის აღსადგენად, რუსეთი თბილისის ამ ნაბიჯს არ პასუხობს და აფხაზეთ-სამხრეთ ოსეთს კვლავ დამოუკიდებელ სახელმწიფოებად მიიჩნევს. ამ რეგიონებში, რომელთა ფართობი საქართველოს ტერიტორიის 20%-ს შეადგენს, 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ რუსეთმა თავისი სამხედრო ბაზები განათავსა.
Heritage Foundation-ის ანალიტიკოსი ლიუკ კოფი ამბობს, რომ საქართველოს ნატოში გაწევრიანება მე-6 მუხლში შეტანილი ცვლილებების საფუძველზე შესაძლებლობას მისცემს თბილისს ალიანსში სწრაფად გაწევრიანდეს, იმავდროულად ეს იქნება გაფრთხილება რუსეთისათვის, რომ მოსკოვი ვეღარ შეძლებს ხელი შეუშალოს სხვა ქვეყნების სწრაფვას ნატოსაკენ, მათი ტერიტორიის ოკუპირების მიუხედავად.
თუმცა, როგორც ნატოს ერთ-ერთი ანონიმური მაღალჩინოსანი განმარტავს „ამერიკის ხმა“-სთან საუბარში, ჩრდილოატლანტიკური ალიანსი თვლის, რომ საქართველო ნატოში მთელი თავისი ტერიტორიით უნდა გაწევრიანდეს: „საქართველო არ იქნება იძულებული ალტერნატივის წინაშე დადგეს - ან ტერიტორიული მთლიანობა, ან ნატოს წევრობა", - განაცხადა მან, - „ჩვენ მოვუწოდებთ რუსეთს გააუქმოს აფხაზეთ-სამხრეთ ოსეთის აღიარება, შეწყვიტოს ადმინისტრაციული საზღვრის გასწვრივ ბარიერების მშენებლობა და შეასრულოს აღებული საერთაშორისო ვალდებულება. ეს პრინციპი ხაზგასმულია რიგ საერთაშორისო ხელშეკრულებებში, მათ შორის ჰელსინკის აქტსა და ნატო-რუსეთის შეთანხმებაში. მოსკოვს ორივეზე ხელი აქვს მოწერილი“. „არცერთ მესამე ქვეყანას არ აქვს უფლება იმისა, რომ ნატოში გაწევრიანების საკითხში ჩაერიოს. ჩვენ მხარს ვუჭერთ ჩვენი ყველა პარტნიორის უფლებას - გააკეთოს სერიოზული და დამოუკიდებელი არჩევანი საგარეო პოლიტიკური კურსის გატარებისას, ყოველგვარი ზეწოლისა და ძალდატანების გარეშე“, - დაამატა ნატოს ანონიმურმა მაღალჩინოსანმა.
საქართველოს ნატოში გაწევრიანების კრიტიკოსები (მაგალითად, უილიამ კორტნი აშშ-ის ექს-ელჩი საქართველოში), ამბობენ, რომ თბილისს ჯერ კიდევ არ დაუდასტურებია თავისი მზადყოფნა ალიანსში მისაღებად: „ნატოელი მოკავშირეები დარწმუნებულნი უნდა იყვნენ იმაში, რომ საქართველო მზად იქნება ფინანსური ვალდებულების შესასრულებლად“, - განუცხადა უილიამ კორტნიმ „ამერიკის ხმას“.
„დღეისათვის საქართველოს მთლიანი შიდა პროდუქტი ერთ სულ მოსახლეზე ძალიან შორს დგას ნატოს საშუალო მონაცემებისაგან... (...), ნატოში საქართველოს გაწევრიანებისთვის დაბრკოლებას წარმოადგენს აგრეთვე [ხარვეზები] კანონის უზენაესობაში და ტერიტორიის თავდაცვისუნარიანობაში. როგორც კი საქართველო მზად იქნება ნატოში გაწევრიანებისათვის, რუსეთი ნაკლებად იფიქრებს მის წინააღმდეგ აგრესიაზე, რადგან საქართველო ამ მომენტისათვის უკეთ იქნება უზრუნველყოფილი მტკიცე დემოკრატიითა და ძლიერი ეკონომიკით“.
თავის მხრივ, როგორც ნატოს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა აღნიშნა: „საქართველოს აქვს ყველა პრაქტიკული ინსტრუმენტი ალიანსში გასაწევრიანებლად“.
დღეს საქართველო ნატოს ავღანური მისიაში ძალზე მნიშვნელოვან როლს ასრულებს - მას მეოთხე ადგილი უკავია იქ გაგზავნილი 870 სამხედრო მოსამსახურის მიხედვით. გარდა ამისა, საქართველო იყო ნატოს არაწევრი ისეთი სახელმწიფო, რომელსაც ყველაზე მეტი ჯარიკაცი ჰყავდა ავღანეთში (2014 წლამდე). ამჟამად საქართველო სერიოზულ დახმარებას უწევს ავღანეთის უშიშროების ძალებსაც.
„ნატომ თავის რიგებში ისეთი სახელმწიფოები მიიღო, რომლებიც, საქართველოსთან შედარებით ნაკლებად იყვნენ მომზადებულნი წევრობისათვის“, - ამბობს მამუკა წერეთელი, კავკასია-ცენტრალური აზიის კვლევების ინსტიტუტის უფროსი მეცნიერ-თანამშრომელი.
წყარო: «Radio Voice of America» (აშშ)