გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
პრემიერ-მინისტრის შეხვედრა BP-ის რეგიონულ პრეზიდენტთან აზერბაიჯანში, საქართველოსა და თურქეთში

20-02-2020

საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია ბრიტანული მულტინაციონალური ნავთობისა და გაზის კომპანია British Petroleum-ის რეგიონულ პრეზიდენტს აზერბაიჯანში, საქართველოსა და თურქეთში, გარი ჯონსს შეხვდა.


მხარეებმა BP-ის მიერ საქართველოში განხორციელებულ მასშტაბურ პროექტებსა და, კორპორაციის ახალი ხელმძღვანელის პირობებში, განახლებული მისიით, სტრატეგიული თანამშრომლობის პერსპექტივებზე იმსჯელეს. ყურადღება გამახვილდა ქვეყანაში არსებულ ხელსაყრელ საინვესტიციო გარემოსა და ბრიტანული კომპანიის მრავალწლიან წარმატებულ თანამშრომლობაზე საქართველოსთან.


გარი ჯონსმა გიორგი გახარიასთან შეხვედრისას ყურადღება დაუთმო სამხრეთ კავკასიური მილსადენის მიმართულებით განხორციელებულ საქმიანობასა და პროექტის განვითარების მიმდინარე ფაზის, „შაჰ დენიზის" ძირითადი ნაწილის დასრულებას, რაც მიმდინარე წლის ბოლოს შესაძლებელს გახდის, რომ კავკასიიდან ბუნებრივი აირის პირველი ნაკადი მიეწოდოს ევროპას საქართველოს გავლით.


საერთაშორისო კორპორაციის წარმომადგენლის მხრიდან ხაზი გაესვა საქართველოს უმნიშვნელოვანეს როლს აღნიშნული პროექტის წარმატებით განხორციელებაში, რასაც აქტიურად უჭერს მხარს როგორც ამერიკის შეერთებული შტატების ხელისუფლება, ისე ევროკავშირი. აგრეთვე, საუბარი შეეხო ნავთობსადენის რამდენიმე სექციის განახლებას, რომელიც საქართველოს მთავრობის აქტიური ჩართულობით განხორციელდა.


გიორგი გახარიამ გარი ჯონსს გააცნო მთავრობის ხედვა საქართველოს რეგიონული სატრანზიტო ფუნქციის მნიშვნელობის შესახებ და ისაუბრა ქვეყნის საჭიროებებზე ენერგოუსაფრთხოების მიმართულებით. პრემიერმა BP-ის მხარდაჭერა აღუთქვა, როგორც მიმდინარე საქმიანობის, ასევე სამომავლო თანამშრომლობის ნაწილში.


თავის მხრივ, კომპანიის წარმომადგენელმა მზაობა გამოთქვა განიხილოს საქართველოსთან მომავალი თანამშრომლობის მიმართულებები და შესაძლებლობები.


შეხვედრაზე, აგრეთვე, მხარეებმა ისაუბრეს BP-ის მომავალ გეგმებთან დაკავშირებით. კომპანია გეგმავს მნიშვნელოვნად შეამციროს CO2-ის ემისია მიმდინარე საოპერაციო საქმიანობაში, როგორც ენერგორესურსების მოპოვების, ასევე მიწოდების ოპერაციებში.


ითქვა, რომ კომპანიის ტრანსფორმაციის პროცესი შესაძლოა საქართველოსთვის მნიშვნელოვანი სარგებლის მომტანი გახდეს, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც BP-ის ინტერესი რეგიონსა და, მათ შორის, საქართველოში იზრდება - განახლებადი ენერგიის წარმოების მიმართულებით.


ბრიტანული კომპანია BP საქართველოში პირველად 1996 წელს შემოვიდა და ამჟამად ქვეყნის ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი ინვესტორია.


მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ შეხვედრას პრემიერ-მინისტრის მრჩეველი ეკონომიკურ საკითხებში ბექა ლილუაშვილი ესწრებოდა.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930