24-02-2020
ფრაქცია „დამოუკიდებელი დეპუტატების“ წევრმა, ლევან კობერიძემ პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის სხდომაზე განაცხადა, რომ „მინისტრის საათს“ და საკომიტეტო მოსმენაზე ფრაქციისგან დაბარებას ეტყობა, ვერ ასხვავებს მინისტრი ერთმანეთისგან.
კომიტეტის სხდომაზე დღეს ფრაქციის წარმომადგენლებმა ფინანსთა მინისტრი ივანე მაჭავარიანი დაიბარეს, თუმცა მინისტრი კომიტეტის სხდომაზე არ მივიდა.
„მინისტრის საათი“ აბსოლუტურად სხვა ფორმატია. როგორც ჯანდაცვის მინისტრის, ისე ფინანსთა მინისტრის პოლიტიკური პასუხისმგებლობა უნდა დააყენოთ თქვენ გუნდის შიგნით, რადგან თუ საპარლამენტო ზედამხედველობაზე ვსაუბრობთ, მგონია, რომ უბრალოდ თქვენს მინისტრებს, ბოდიში და პირდაპირ ვიტყოდი, სულ ცალ ფეხზე ჰკიდიათ პარლამენტიც და რეგლამენტიც. ჩვენ ვსაუბრობთ, რომ ბიუჯეტის ფული არის შეჭმული. თქვენი შვილები ახლა სხედან ჩემს შვილთან, მათ მეგობრებთან ერთად და უყურებენ ამ „შაპიტოს ცირკს“, უყურებენ როგორ ცდილობთ, ზოგიერთი თქვენგანი გამოაძვრინოთ ან რას ცდილობთ, ისიც ვერ გავიგე. ან რეგლამენტი არ წაგიკითხავთ, „მინისტრის საათი“ არ იცით რა არის? არ იცით განსხვავება ფრაქციის საკითხებთან დაბარებასთან მიმართებაში.
არავინ არ აპირებდა აქ ვინმეს შეურაცხმყოფელ განცხადებებს. მოვედით კითხვების დასასმელად, სასაუბროდ. იცით ყველამ ჩვენი დამოკიდებულება, როგორც ჯანდაცვის კომიტეტში, ისე აქ. მოიყვანეთ მინისტრი, კითხვები დავუსვათ, პასუხები გაგვცეს, რას მაიმუნობთ, ვერ გავიგე. სამარცხვინოა უბრალოდ ეს ყველაფერი. პოლიტიკური პასუხისმგებლობა უნდა დადგეს. პარლამენტის თავმჯდომარე და ეს ორი მინისტრი უნდა გადადგეს დღესვე“, – განაცხადა ლევან კობერიძემ.