25-02-2020
პრემიერ-მინისტრის გზავნილები ნათელია - საქართველო არის სახელმწიფო, რომელსაც მსოფლიოს მასშტაბით უსაფრთხოების უზრუნველყოფაში მონაწილეობის რეალური ისტორია აქვს, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრის მრჩეველმა საერთაშორისო ურთიერთობათა საკითხებში ირაკლი ჩიქოვანმა, „ვაშინგტონ თაიმსში“ გიორგი გახარიას სტატიის კომენტირებისას განაცხადა.
ირაკლი ჩიქოვანმა ყურადღება გაამახვილა ევროპულ და ევროატლანტიკურ ინტეგრაციაზე, როგორც ჩვენი ქვეყნის პრიორიტეტზე. მისი თქმით, ეს მთავრობის ყოველდღიური საქმიანობის ნაწილია.
„ჩვენ კარგად ვხედავთ, რომ შავ ზღვაზე უსაფრთხოება, ჩრდილოატლანტიკური ორგანიზაციის მნიშვნელოვანი პრიორიტეტია. რა თქმა უნდა, საქართველო ამ კონტექსტში მნიშვნელოვან როლს ასრულებს. ყველას კარგად ესმის, რომ უსაფრთხოების უზრუნველყოფის საქმეში საქართველოს განსაკუთრებული როლი ენიჭება. ხაზგასასმელია დღესდღეობით საქართველოსა და ნატოს შორის თანამშრომლობის უმაღლესი დონე. წვრთნები, რომლებიც ტარდება საქართველოში, ჩვენი ქვეყნის თანამონაწილეობა ნატოს ეგიდით მიმდინარე პროცესებში და პირიქით, ცხადყოფს, რომ ქვეყანა ყოველდღიურად უახლოვდება იმ მნიშვნელოვან მიზანს, რომელიც ჩრდილოატლანტიკურ ორგანიზაციაში გაწევრიანებას გულისხმობს. უსაფრთხოების გამოწვევები მწვავდება და შავი ზღვისპირეთის, ხმელთაშუა ზღვისპირეთის რეგიონში, მნიშვნელოვანია, ყველამ კარგად და ნათლად დაინახოს, რომ საქართველო, საკუთარ პარტნიორებთან, მოკავშირეებთან ერთად, ერთ აზრზეა, მათ აქვთ ერთიანი ვექტორი და ერთიანი ხედვა იმისა, თუ როგორ უნდა იყოს უზრუნველყოფილი უსაფრთხოება თითოეული მოქალაქისა და რა თქმა უნდა, ნატოს წევრი სახელმწიფოებისთვის“, - განაცხადა ირაკლი ჩიქოვანმა.
პრემიერ-მინისტრის მრჩეველი ამბობს, რომ საქართველომ წლების განმავლობაში მნიშვნელოვან პროგრესს მიაღწია და რეფორმების პროცესი გრძელდება.
„ჩვენ კიდევ ვხედავთ იმ შესაძლებლობებს, რომლებიც შეიძლება უფრო მეტად გამოვიყენოთ და ველოდებით პოლიტიკურ შესაძლებლობას იმისათვის, რომ საქართველო გახდეს ალიანსის წევრი. ალიანსმა არაერთხელ დააფიქსირა, რომ საქართველოს მიმართ ბუქარესტის სამიტზე გაჟღერებული პოზიცია, რომ საქართველო გახდება ნატოს წევრი, ეს არის ის პოსტულატი, რომელზეც ალიანსი დგას და ამ პოლიტიკას გააგრძელებს. ჩვენ ველოდებით შესაბამის დროს ამისთვის“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრის მრჩეველმა.
ირაკლი ჩიქოვანის თქმით, უსაფრთხოების თვალსაზრისით, ყველას კარგად ესმის საქართველოს როლის მნიშვნელობა, ვინაიდან, შავი ზღვისპირეთი ჩრდილოატლანტიკური ალიანსის სტრატეგიული ინტერესის საგანია.
„ჩვენი პოლიტიკა ნათელია. ჩვენ ვახორციელებთ რეფორმებს, უსაფრთხოების, დემოკრატიის, ეკონომიკის სექტორში. ეს ყველაფერი მიმართულია იმისკენ, რომ საბოლოო ჯამში, საქართველო გახდეს ევროკავშირის და ნატოს წევრი“, - განაცხადა ირაკლი ჩიქოვანმა.