გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
გენადი არველაძე: „ევროკავშირი გახლავთ საუკეთესო მაგალითი, სადაც სრულად ხდება ქართული საექსპორტო პროდუქტის ათვისება“

27-02-2020

„ევროკავშირი გახლავთ საუკეთესო მაგალითი, სადაც სრულად ხდება ქართული საექსპორტო პროდუქტის ათვისება. 2014 წლის შემდეგ, როდესაც ძალაში შევიდა ევროკავშირთან თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება, ევროკავშირში ქართული წარმოშობის პროდუქტების კუთხით 22%-იანი წილი 31%-მდე გაიზარდა. შესაბამისად, მაღალია პროცენტული ათვისება და ევროკავშირში საქართველოს მთლიან ექსპორტში წილი 89%-ია, რაც ნიშნავს იმას, რომ იზრდება ჩვენი ქვეყნისა და პროდუქციის ცნობადობა ევროკავშირის ბაზარზე. ასევე, მნიშვნელოვნად გაზრდილია იმ კომპანიების რაოდენობა, რომლებიც ევროკავშირში ექსპორტს ახორციელებენ და მათი რაოდენობა დღეს 910 კომპანიას შეადგენს“ - განაცხადა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ სასტუმრო „შერატონ გრანდ თბილისში“ მიმდინარე ეკონომიკური კონფერენციის ფარგლებში.


გენადი არველაძემ ის პროდუქტებიც დაასახელა, რაც ბოლო პერიოდის განმავლობაში წარმატებით გადის ევროპულ ბაზარზე. „ევროკავშირის ბაზარზე ყოველწლიურად ახალი პროდუქტები გადის. მაგალითად, ახალი ხილი, ასევე, სხვადასხვა ინდუსტრიული წარმოების პროდუქტები, როგორიცაა ავეჯი, მათ შორის, ავეჯი ცხოველებისთვის, რომლის წარმოება საქართველოში პირველად შეიქმნა, მინის ბოთლების წარმოება, რომელიც პირველად გავიდა ასევე ამ ბაზარზე, სხვადასხვა ხილისა და ბოსტნეულისგან მიღებული პროდუქტი, თაფლი, რომლის წარმატებული ექსპორტი პირველად შარშან განხორციელდა. ეს იმ პროდუქტების ჩამონათვალია, რომელიც 2014 წლის შემდეგ განთავსდა ევროკავშირის ბაზარზე და ფაქტიურად, იზრდება ჩვენი ცნობადობა ამ პროდუქტებთან ერთად. ამასთან, მნიშვნელოვანია ისიც, რომ ბოლო წლების განმავლობაში გაიზარდა 2014 წლამდე განთავსებული პროდუქტების რაოდენობაც“.- განაცხადა ეკონომიკის მინისტრის მოადგილემ.


არველაძის შეფასებით, საქართველო წარმატებით ართმევს თავს ასოცირების შეთანხმებით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულებას. ამასთან, მინისტრის მოადგილის განცხადებით, მთავრობა სხვადასხვა პროგრამების დახმარებით ეხმარება მცირე და საშუალო ბიზნესს ცვლილებებთან ადაპტირებისთვის. „მნიშვნელოვანია ევროკავშირთან დადებული ასოცირების ხელშეკრულება, რომელსაც ჩვენ უკვე წლების განმავლობაში ვახორციელებთ. ჩვენ ამ რეფორმებს ძალიან წარმატებით გავართვით თავი. დარწმუნებული ვარ, რომ მომავალი წლების განმავლობაშიც, დაგეგმილი საკანონმდებლო ცვლილებები, ასევე ჩვენი სახელმწიფო ინსტიტუტების ინსტიტუციური გაძლიერება გაგრძელდება. აღებული ვალდებულებები ასევე გულისხმობს კერძო სექტორის კონკურენტუნარიანობის ზრდას. ევროკავშირის რეგულაციებთან მიმართებაში, განსაკუთრებით მოწყვლადია მცირე და საშუალო ბიზნესი მათ შორის ფერმერებიც. აღნიშნული რეგულაციები პირველ ჯერზე გარკვეულწილად შეიძლება მტკივნეული იყოს ფინანსური თვალსაზრისით, თუმცა, სახელმწიფო ძალღონეს არ იშურებს და სხვადასხვა პროგრამების საშუალებით ცდილობს დაეხმაროს მათ რეალობასთან ადაპტირებაში.“ - აღნიშნა გენადი არველაძემ.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930