27-02-2020
საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი საქართველოში კორონავირუსის დაფიქსირებას ეხმაურება.
სააკაშვილი სოციალურ ქსელში წერს, რომ საქართველოს ხელისუფლებამ საზღვრის ჩაკეტვა 1 კვირით დააგვიანა.
„ვირუსის გავრცელებასთან დაკავშირებით:
მშვენივრად მესმის იმ ხალხის, ვინც ახლა არის ძალიან შეშფოთებული და მათ შორის ის, ვინც იმარაგებს პროდუქტებს.
ხალხი არ ენდობა სისტემას, ხალხი არ ენდობა იმას, რომ ისინი არიან დაცული.
სულ სხვა რეაქცია ჰქონდა ხალხს, მაგალითად 2008 წელს, ომის ცხელი ფაზის დროსაც კი არ ხდებოდა მიახლოებითაც კი ესეთი რამე.
მიზეზი არის ის, რომ საზღვრის დახურვა, საქართველოს ვაი ხელისუფლებამ დაიგვიანა მინიმუმ ერთი კვირით!
ჩემი აზრით აუცილებლად უნდა დაიკეტოს სკოლები, უნივერსიტეტები, უნდა გაუქმდეს დიდი საჯარო ღონისძიებები.
ლუგარის ლაბორატორია რომ არის, ეს არის მართლაც სასწაული, რომ მსოფლიოში ჩვენ გვაქვს ერთ-ერთი საუკეთესო ლაბორატორია“ - წერს „ფეისბუქზე“ სააკაშვილი.