3-03-2020
კომუნიკაციების კომისიის მედიააკადემიამ მედიის წარმომადგენლებისთვის ფოტოჟურნალისტიკის ტრენინგი ჩაატარა, რომლის ფარგლებშიც, ჟურნალისტები ფოტოგრაფიისა და ფოტორეპორტაჟის ისეთ ძირითად საკითხებს გაეცნენ, როგორიცაა ფოტოკამერის მუშაობის პრინციპები, მათ შორის კომპოზიცია და ექსპოზიცია. ორდღიან ტრენინგზე ჟურნალისტებმა ფოტორეპორტიორ დავით მძინარიშვილთან ერთად იმუშავეს იმაზე, თუ როგორ უნდა გადავიღოთ ფოტო ახალი ამბების გაშუქებისას და როგორ მოვამზადოთ ფოტორეპორტაჟი.
თანამედროვე სამყაროში, როდესაც ინფორმაციის მიღების საშუალებად ტრადიციული მედიის ნაცვლად, სოციალური მედია უფრო აქტუალური ხდება, მნიშვნელოვანია რეპორტიორმა ზუსტად იცოდეს, როგორ მიაწოდოს საზოგადოებას ოპერატიულად ინფორმაცია და მოამზადოს მობილური ტელეფონით ფოტორეპორტაჟი. სწორედ ამ მიზნით, ტრენინგზე განსაკუთრებული დრო დაეთმო მობილურ ფოტოგრაფიას და მობილური ტელეფონით ახალი ამბებისა და ფოტორეპორტაჟის მომზადებას, ისე, რომ მედიამ თანამედროვე გამოწვევებს უპასუხოს.
ტრენინგი თეორიული ნაწილის გარდა, პრაქტიკულ სამუშაოებს მოიცავდა. ჟურნალისტებმა პრაქტიკული სწავლებით გაიმყარეს ცოდნა ფოტორეპორტაჟის მომზადებაში და კონკრეტული დავალებები შეასრულეს. მედიის წარმომადგენლებმა ასევე ისწავლეს, როგორ გაასწორონ ბალანსი და გაზომონ განათება.
ტრენინგის ბოლოს მედიააკადემიამ ჟურნალისტებს სერტიფიკატები გადასცა.