12-03-2020
„სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიში ჩვენთვის მნიშვნელოვანია და ყველა რეკომენდაცია, რომელიც მომდინარეობს ამ ანგარიშში, იქნება გათვალისწინებული,“ - ამის შასახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალანმა, აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ გამოქვეყნებული ანგარიშის შეფასებისას განაცხადა.
„ანგარიში ემსახურება გარკვეული ხარვეზების აღმოფხვრას ადამიანის უფლებათა დაცვის სფეროში. ჩვენ, ბუნებრივია გავითვალისწინებთ იმ რეკომენდაციებს, რომლებიც ამ ანგარიშშია მოცემული და გამოვიყენებთ მას იმისთვის, რომ ის სტრატეგია და სამოქმედო გეგმა, რომელიც საქართველოს ხელისუფლებას აქვს შემუშავებული ადამიანის უფლებათა დაცვის კუთხით, იყოს შესაბამისობაში ამ რეკომენდაციებთან. ბუნებრივია, ყველა რეკომენდაცია, რომელიც სახელმწიფო დეპარტამენტიდან მომდინარეობს ამ ანგარიშში, იქნება გათვალისწინებული. თქვენთვის კარგად არის ცნობილი, რომ მსგავსი რეკომენდაციები გაიცემა ყველა ქვეყანასთან მიმართებაში, მათ შორის განვითარებული დემოკრატიის ქვეყნებთან მიმართებაში და სწორედ ამ კუთხით და მაღალი სტანდარტების დაწესების თვალსაზრისით აღვიქვამთ ჩვენ ამ განცხადებას და ბუნებრივია მასზე იქნება ადეკვატური და შესაბამისი რეაგირება.“ - აღნიშნა ზალკალიანმა.
საგარეო უწყების ხელმძღვანელმა ხაზი გაუსვა ტერმინ „ოკუპაციის“ საერთაშორისოდ დამკვიდრებისა და საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ მძიმე ვითარებაზე აქცენტირების მნიშვნელობასაც.
„ძალიან მნიშვნელოვანია, რომ სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშებში, არამხოლოდ საკანონმდებლო, არამედ აღმასრულებელ დონეზეც მკვიდრდება ტერმინი - ოკუპაცია. კიდევ ერთხელ არის ეს ტერმინი დაფიქსირებული. განსაკუთრებული აქცენტი კეთდება ადგილზე შექმნილ სიტუაციის მიუღებლობაზე, ბუნებრივია, ეს არის კიდევ ერთი კარგი საფუძველი იმისა, რომ ჩვენ საერთაშორისო თანამეგობრობა და ყველა ფორმატი გამოვიყენოთ იმისთვის, რომ დამკვიდრდეს, როგორც ეს ტერმინი, ასევე სათანადო შეფასება მიეცეს იქ არსებულ მდგომარეობას. ჩვენ რასაკვირველია ვიმოქმედებთ ჩვენი სტრატეგიული პარტნიორების შესაბამისი რეკომენდაციებიდან გამომდინარე. ბუნებრივია გვექნება ამაზე საუბარი ჟენევის ფორმატში, ასევე ეუთოს, ევროკავშირის და ევროპის საბჭოს ფორმატში. კარგია, რომ ჩვენი მთავარი სტრატეგიული პარტნიორი მუდმივად ხაზს უსვამს ოკუპირებულ ტერიტორიაზე ადამიანის უფლებების კუთხით შექმნილ მძიმე მდგომარეობას. უახლოეს პერიოდში ჩვენ გვექნება მნიშვნელოვანი რეზოლუციები, გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭოს ფარგლებში. ეს არის ყოველწლიური რეზოლუცია, რომელსაც ამ ფორმატში ვიღებთ და ბუნებრივია, ეს რეკომენდაციები და ეს ანგარიში ამ თვალსაზრისითაც ძალიან გამოგვადგება.“ - განაცხადა დავით ზალკალიანმა.