გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ქეთევან ციხელაშვილი: მნიშვნელოვანია, აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონებში გაცნობიერებული იქნეს COVID-19-ის გავრცელების რისკის მასშტაბი და რეალურობა

24-03-2020


„არაერთხელ გამოგვითქვამს მზადყოფნა აფხაზურ საზოგადოებასთან დიალოგისა და ურთიერთობის გაფართოებისთვის. ჩვენ ამ მიმართულებით კონკრეტული ნაბიჯი გადავდგით წარსულშიც, ახლაც და მომავალშიც ვაპირებთ, მათ შორის სტატუს ნეიტრალური სამშვიდობო ინციატივებით“-ამის შესახებ შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა განაცხადა. ქეთევან ციხელაშვილის თქმით, სახელმწიფოს ჩართულობის პოლიტიკისათვის პრიორიტეტი ნდობის მშენებლობა და ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრებ მოსახლეობაზე ზრუნვაა.


„რაც შეეხება დიალოგის ფორმატს, აქ საკმაოდ დიდი მოქნილობა არსებობს. გვაქვს წარსულის გამოცდილებაც ქართულ-აფხაზურ ურთიერთობებში, არსებობს მნიშვნელოვანი მექანიზმებიც, რომელიც დღესაც შეჩერებულია და შეიძლება მათი ამოქმედება და ეფექტურად გამოყენება, თუმცა ასევე შესაძლებელია ახალი პლატფორმების განხილვა და მოსინჯვა. ჩვენი მთავარი ამოცანა ის გახლავთ, რომ ეს დიალოგი იყოს რა თქმა უნდა არსებითი და ჩვენი ჩართულობის პოლიტიკისათვის პირველი პრიორიტეტი რა თქმა უნდა არის ნდობის მშენებლობა, აღდგენა და მოსახლეობაზე ზრუნვა, რომელიც დღეს აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონებში ცხოვრობს.


სწორედ ამ ჭრილში, აუცილებლად უნდა შევეხო მთავარ გამოწვევას, რომელიც დღეს ყველას გვაქვს, ეს არის მსოფლიო პანდემიის პირობებში COVID-19-ის გავრცელების მაღალი რისკები. დაზღვეული რა თქმა უნდა არცერთი რეგიონი არ არის და ძალიან მნიშვნელოვანია, რომ დღეს აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონებში გაცნობიერებული იქნეს აი ამ რისკის და საფრთხის მასშტაბი და რეალურობა. ამიტომ აუცილებელია ნაბიჯების გადადგმა იმისთვის, რომ დაცული იქნას მოსახლეობა მაქსიმალურად.


ოკუპაციის პირობებში და პირდაპირი კონტროლის არქონის პირობებში რა თქმა უნდა ძალიან ძნელია, რომ ჩვენ გავატაროთ ეფექტური ღონისძიებები, თუმცა მთელი ამდენი ხნის განმავლობაში ჩვენი მცდელობა სხვადასხვა არხით, მათ შორის პარტნიორების დახმარებით მიმართულია იმისკენ, რომ გარკვეული ღონისძიებები ადგილზეც გატარდეს ისევე, როგორც საჭიროების შემთხვევაში შეძლებისდაგვარად რა თქმა უნდა გვერდში დავუდგეთ ჩვენს მოსახლეობას.


რა თქმა უნდა ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს ინფორმაციის გავრცელებას, მასზე ხელმისაწვდომობას და ამ ინფორმაციის მიღებას და გათავისებას უკვე მოსახლეობის მხრიდან. აქ ძალიან აქტიურად ვმუშაობთ, უკვე დიდი ხანია, რაც ჩვენ ვთარგმნით აფხაზურ და ოსურ ენებზე ყველა იმ მასალას, რომელიც გაცემულია მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციისა და საქართველოს დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის მიერ. ამ დღეებშიც პროაქტიულ რეჟიმში ყველა ამ რეკომენდაციას ვავრცელებთ სხვადასხვა არხით და შევეცდებით კიდევ უფრო მეტი ინფორმაცია მივაწოდოთ მოსახლეობას. ეხლა ფრონტის ხაზი გადის თითოეული ჩვენგანის პასუხისმგებლობაზე. ყველას აქვს თავის წილი პასუხისმგებლობა და ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ყველამ ხელი შეუწყოს სიტუაციის რეალურ აღქმას. არავინ არ არის დაზღვეული რისკებისაგან და საფრთხე საკმაოდ მაღალია. მით უფრო ისეთ ვითარებაში, როდესაც რეალურად ადგილზე სიტუაციის კონტროლი არ ხდება.


მოვუწოდებ და ვთხოვ ჩვენს მოსახლეობას აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონებში, რომ ზედმიწევნით დაიცვან რეკომენდაციები, დაწყებული პირადი ჰიგიენით, დასრულებული სოციალური დისტანცირებითა თუ მაქსიმალურად სოციალური ურთიერთობების თავის არიდებით აი ამ მწვავე პანდემიის პირობებში. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი, ჩვენ რა თქმა უნდა კიდევ ვაგრძელებთ მუშაობას, რომ დამატებითი ღონისძიებები გატარდეს სწორედ ოკუპირებულ ტერიტორიებზე აი ამ საფრთხის შესაკავებლად“-განაცხადა სახელმწიფო მინისტრმა.


ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930