გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
კორონავირუსით გარდაცვლილი 86 წლის ქალია, რომელიც თბილისის ინფექციურ საავადმყოფოში მკურნალობდა

7-04-2020

კორონავირუსით გარდაცვლილი მესამე პაციენტი 86 წლის ქალია, რომელიც თბილისის ინფექციურ საავადმყოფოში მკურნალობდა, - ამის შესახებ ბრიფინგზე ინფექციური საავადმყოფოს დირექტორმა, თენგიზ ცერცვაძემ განაცხადა.

„დღეს სამწუხაროდ, ჩვენს ცენტრში კორონავირუსით გარდაცვალების პირველი შემთხვევა დაფიქსირდა, რაც ქვეყნის მასშტაბით უკვე მესამე ლეტალური შემთხვევაა. ეს გარდაუვალი იყო. მე ყოველთვის ვამბობდი, რომ მუდმივად 0-ს იმ გრაფაში ვერ შევინარჩუნებდით. ეს იყო 86 წლის ქალი, რომელიც 2 კვირაზე მეტი ხნის განმავლობაში იყო ჩვენთან. პრაქტიკულად, ეს იყო ყველაზე მძიმე პაციენტი, რაც კი ეპიდემიის დაწყებიდან შემოსულა კლინიკაში. გარდა იმისა, რომ პაციენტი იყო 86 წლის, მას ჰქონდა მძიმე თანმხლები ნევროლოგიური დაავადება, მძიმე ორმხრივი პნევმონია და პრაქტიკულად არ იყო დარჩენილი ჯანმრთელი ფილტვის ქსოვილი, ჰქონდა სეფსისი და სხვა გართულებები. 2 კვირის განმავლობაში ის იყო რეანიმაციაში და ექიმებმა ყველაფერი გააკეთეს, მაგრამ მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა“, - განაცხადა ცერცვაძემ.

საქართველოში კორონავირუსი 195 ადამიანს დაუდასტურდა, აქედან 45 ადამიანი უკვე გამოჯანმრთელდა, 3 კი გარდაიცვალა.

ვირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა ქვეყანაში 2020 წლის 26 თებერვალს დადასტურდა. 21 მარტს საქართველოში საგანგებო მდგომარეობა ამოქმედდა, 31 მარტიდან კი - საყოველთაო კარანტინის რეჟიმი.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით.

21 იანვარს ჩინეთმა დაადასტურა, რომ კორონავირუსი გადამდებია. მომხდარის გამო ქვეყნის ორ ქალაქში კარანტინი გამოცხადდა. რა უნდა ვიცოდეთ საგანგებო მდგომარეობის შესახებ, წაიკითხეთ აქ.

imedinews.ge

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930