15-04-2020
თბილისში, რუსთავში, ქუთაისსა და ბათუმში დღეს, 15 აპრილის, საღამოს 9 საათიდან აიკრძალება შესვლა და გამოსვლა, რა თქმა უნდა, იმოქმედებს გამონაკლისებიც, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრის მრჩეველმა, პრესსპიკერმა ირაკლი ჩიქოვანმა განაცხადა.
პრემიერ-მინისტრის მრჩეველმა იმ გამონაკლისებზე ისაუბრა, რაც თბილისში, რუსთავში, ქუთაისსა და ბათუმში 10 დღის განმავლობაში იმოქმედებს.
„ამ მუნიციპალიტეტებში შესვლა შეუძლიათ იმ მოქალაქეებს, რომლებიც ამავე მუნიციპალიტეტებში არიან რეგისტრირებულები, თუმცა ამ 10 დღის განმავლობაში ისინი ამ მუნიციპალიტეტს ვერ დატოვებენ. ამ მუნიციპალიტეტების დატოვების საშუალება და უფლება ექნებათ მხოლოდ იმ პირებს და იმ მოქალაქეებს, რომლებიც არიან რეგისტრირებულნი სხვა მუნიციპალიტეტებში.
გარდა ამისა, შეზღუდვები არ ეხებათ:
1. სამედიცინო დაწესებულების თანამშრომლების გადაადგილებას მათი სამსახურებრივი საქმიანობიდან გამომდინარე.
2. საერთაშორისო და ადგილობრივ სატვირთო გადაზიდვებს.
3. საქართველოში აკრედიტებულ დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს, სამსახურებრივი საქმიანობიდან გამომდინარე.
4. ბრალდებულებისა და მსჯავრდებულების გადაყვანას.
5. ფულადი სახსრების, ძვირფასი ლითონებისა და სხვა ფასეულობების ინკასაციას.
6. ელექტროენერგიის, ბუნებრივი გაზის და წყლის მიწოდების მიზნით გადაადგილებას.
7. ასევე სატელეკომუნიკაციო, საფოსტო და ნარჩენების მართვასთან დაკავშირებული მომსახურების მიწოდების მიზნით გადაადგილებას.
8. სამომსახურეო სარკინიგზო მიმოსვლის მიზნით გადაადგილებას, რომელიც დაკავშირებულია მხოლოდ ტექნიკურ გადაადგილებასთან.
9. ჟურნალისტური საქმიანობის განხორციელების მიზნით მედია საშუალებების წარმომადგენელთა გადაადგილებას.
10. სარიტუალო მომსახურების გაწევის მიზნით გადაადგილებას - მიცვალებულის გადასვენებას ან დაკრძალვას.
11. ჰუმანიტარული მიზნებისთვის საერთაშორისო ორგანიზაციების გადაადგილებას.
12. კერძო დაცვითი საქმიანობის განხორციელების მიზნით გადაადგილებას.
13. იმ საჯარო დაწესებულებების თანამშრომელთა გადაადგილებას, რომელთა საქმიანობაც კრიტიკულად აუცილებელია საგანგებო მდგომარეობის დროს.
14. ასევე, მთავრობის დადგენილებით დაშვებული ეკონომიკური საქმიანობების განმახორციელებელ იმ სუბიექტებს, რომლებიც არიან ოპერაციულ შტაბთან შეთანხმებულ სიაში და რომელთა გადაადგილებაც კრიტიკულად აუცილებელია საგანგებო მდგომარეობის დროს სამსახურებრივი მოვალეობის შესასრულებლად“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრის პრესსპიკერმა.
ირაკლი ჩიქოვანმა საზოგადოებას კიდევ ერთხელ შეახსენა, რომ საგანგებო მდგომარეობის მოქმედების პერიოდში, ნებისმიერი გადაადგილებისას აუცილებელია მოქალაქეებმა თან იქონიონ პირადობის დამადასტურებელი მოწმობა.
პრემიერ-მინისტრის მრჩეველმა განაცხადა, რომ საქართველოს მთავრობა საქართველოს პრეზიდენტს ხელმოსაწერად გადაუგზავნის მიმართვას, 2020 წლის 10 მაისამდე გაახანგრძლივოს ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობის მოქმედების ვადა.
პრესსპიკერმა ქვეყანაში არსებულ ეპიდემიოლოგიურ მდგომარეობაზე ისაუბრა და ხაზი გაუსვა, რომ ეპიდემიის პიკის ფაზაში შესასვლელად ვემზადებით.
„როგორც იცით, გასული დღის მონაცემებით, ქვეყანაში დაფიქსირდა ინფიცირების შემთხვევების ყველაზე მაღალი ზრდა. დღევანდელი, 15 აპრილის მონაცემებით კი ჯამში კორონავირუსით ინფიცირების 306 დადასტურებული შემთხვევაა. მიმდინარეობს ახალი შემთხვევების კვლევა. ასევე, მიმდინარეობს იმ კავშირების დადგენა, რა კავშირებიც უკვე ახალ ინფიცირებულ ადამიანებს აქვთ. ჩვენ პრაქტიკულად, ქვეყანაში გვაქვს შიდა კლასტერების მნიშვნელოვანი გაფართოება და ფაქტობრივად ვემზადებით ეპიდემიის პიკის ფაზაში შესასვლელად.
მნიშვნელოვანია ყველამ გავითვალისწინოთ და გამოვიჩინოთ მაღალი საზოგადოებრივი პასუხისმგებლობა. ყველა შეზღუდვა და აკრძალვა, რომელიც მოქმედებს საგანგებო მდგომარეობის პერიოდში, მიმართულია იმისკენ, რომ მაქსიმალურად დავიცვათ თითოეული ჩვენი თანამოქალაქის სიცოცხლე და ავარიდოთ კოვიდ 19-ის ფართო გავრცელება. ასევე, ეს გადაწყვეტილებები ემსახურება იმას, რომ საქართველოს ეკონომიკა და ყოველდღიური ცხოვრების რიტმი დაბრუნდეს უფრო სწრაფად, ვიდრე იმ შემთხვევაში, თუ არ მივმართავთ ამ სპეციალურ ზომებს და ამ შეზღუდვებს. საქართველოს მთავრობის სახელით, მინდა კიდევ ერთხელ მოვუწოდო საქართველოს ყველა მოქალაქეს და ჩვენს ქვეყანაში მყოფ ყველა ადამიანს, რომ მხოლოდ და მხოლოდ უკიდურესი აუცილებლობის შემთხვევაში დავტოვოთ სახლები. დავრჩეთ სახლში და ამით დავიცვათ ჩვენი და ჩვენი თანამოქალაქეების უსაფრთხოება“, -განაცხადა ირაკლი ჩიქოვანმა.