გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ირაკლი ჩიქოვანი: ხელისუფლებამ და საპატრიარქომ ერთობლივი გადაწყვეტილება მიიღო

15-04-2020

ჩვენ მივიღეთ ერთობლივი გადაწყვეტილება, რომ არ დაირღვეს კანონი არ დაიხუროს ეკლესიები და დაცული იქნეს სოციალური დისტანცირება ადამიანის, ჩვენი მოქალაქეების ჯანმრთელობასა და სიცოცხლეზე ზრუნვის მიზნით, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრის მრჩეველმა, პრესსპიკერმა ირაკლი ჩიქოვანმა, მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

ირაკლი ჩიქოვანის თქმით, ერთობლივი გადაწყვეტილების შედეგად ეკლესიაში დაცული იქნება უსაფრთხოების ყველა ნორმა, რომლებიც დადგენილია ჯანდაცვის სამინისტროსა და დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის მიერ. მისივე განცხადებით, მთავრობას აქტიური კომუნიკაცია აქვს საქართველოს საპატრიარქოსთან და პატრიარქთან.

„დიდი ზომის ეკლესიაში დაცული უნდა იყოს მინიმუმ 2 მეტრიანი სოციალური დისტანცია, ხოლო მცირე ზომის ეკლესიაში იქნებიან მხოლოდ სასულიერო პირები და ეკლესიის მსახურები. ამასთან, ყველა ეკლესიასთან მობილიზებული იქნება პოლიციის ეკიპაჟები, რომლებიც ადგილზე უზრუნველყოფენ კომენდანტის საათით გათვალისწინებული ნორმების და სოციალური დისტანციის განუხრელ დაცვას. დაბეჯითებით მოვუწოდებთ მოქალაქეებს გაითვალისწინონ, რომ ქვეყანაში მოქმედებს საგანგებო მდგომარეობა, რომლის ფარგლებში დაწესებული ე.წ. კომენდანტის საათის დროს საღამოს 9 საათიდან დილის 6 საათამდე, იზღუდება ყოველგვარი გადაადგილება. ამ ნორმის დარღვევა კი ფიზიკური პირისთვის ითვალისწინებს 3000 ლარის ოდენობით ჯარიმას, განმეორების შემთხვევაში კი, სისხლის სამართლის პასუხისმგებლობას. მოქალაქეებმა განუხრელად უნდა დაიცვან კანონის ძალით დადგენილი შეზღუდვები და საღამოს 9 საათიდან დილის 6 საათამდე შეზღუდონ ყოველგვარი გადაადგილება. წინააღმდეგ შემთხვევაში მიღებულ იქნება კანონით გათვალისწინებული ზომები. გარდა ამისა, საგანგებო მდგომარეობის ფარგლებში, 17 აპრილიდან 10 დღის ვადით ქალაქებში წესდება შეზღუდვები სასაფლაოებზე“, - განაცხადა ირაკლი ჩიქოვანმა.

პრემიერ-მინისტრის პრესსპიკერმა კიდევ ერთხელ შეახსენა საზოგადოებას, რომ საქართველოს ხელისუფლების მოწოდებაა დავრჩეთ სახლში, არ დავარღვიოთ კანონი.

„Covid-19 არის გლობალური გამოწვევა და უმძიმესი კრიზისი მთელი მსოფლიოსთვის. აქამდე ჩვენ მოვახერხეთ ვირუსის გავრცელების შენელება. რა თქმა უნდა, ეს არის ჩვენი ექიმების, საზოგადოებრივი ჯანდაცვის მუშაკების, პოლიციელების, მებაჟეების, მესაზღვრეების და ყველა იმ ადამიანის ერთობლივი დამსახურება, ვინც ამ უხილავ მტერთან ბრძოლის წინა ხაზზე დგას. მოგეხსენებათ, უკვე საქართველოშიც მატულობს შიდა გავრცელების შემთხვევები, მნიშვნელოვნად ფართოვდება კლასტერები და უფრო და უფრო მეტად იზრდება შესაძლო შემთხვევათა რაოდენობა. ქვეყანა საგანგებო მდგომარეობის პირობებში ცხოვრობს, მოქმედებს ე.წ. კომენდანტის საათი და სულ უფრო მკაცრდება შეზღუდვები. დღეს, თითოეულ ჩვენგანს განსაკუთრებული პასუხისმგებლობა გვაკისრია პირველ რიგში ერთმანეთის წინაშე, ჩვენი ქვეყნის წინაშე. თითოეული ჩვენგანის ვალდებულებაა დავიცვათ კანონი და ის შეზღუდვები, რომლებიც მხოლოდ და მხოლოდ ჩვენი მოქალაქეების სიცოცხლეზე და ჯანმრთელობაზე ზრუნვისთვის არის დაწესებული“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრის მრჩეველმა.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930