20-04-2020
ხუთდღიანი თათბირის შემდეგ, ნიუ-იორკში შეკრებილი მსაჯულები მივიდნენ გადაწყვეტილებამდე: პროდიუსერი ჰარვი ვაინშტაინი დამნაშავეა სექსუალურ ნიადაგზე ჩადენილ დანაშაულში. ამის შესახებ CNN-ი წერს.
სულ სასამართლომ 80 ქალის ჩვენება მოისმინა, რომლებიც სექსუალურ ძალადობაში ადანაშაულებდნენ ვაინშტაინს. ის დამნაშავედ ცნეს ორ ეპიზოდში – იძულებით სექსსა და გაუპატიურებაში.
ახლა, მინიმუმ უახლოეს 5 წელს, ვაინშტაინი ციხეში გაატარებს. სასჯელის მაქსიმალურმა ვადამ კი შესაძლოა 20 წელს გადააჭარბოს. სასამართლო დარბაზიდან, ერთ დროს ჰოლივუდის ყველაზე მდიდარი და გავლენიანი ადამიანი ხელბორკილებით გაიყვანეს.
67 წლის ვაინშტაინი ცნობილია ისეთი ფილმების პროდიუსერობით, რომელთაც ოსკარი და დიდი ბრიტანეთის კინოაკადემიის პრიზი მიიღეს. მათგან ყველაზე ცნობილია – „შეყვარებული შექსპირი“. მის ერთ-ერთ ადრეულ ფილმში, „როკ-შოუ“, პოლ მაკარტნიმ ითამაშა.
ვაინშტაინის ვარდნა 2017 წელს დაიწყო, როდესაც ჰოლივუდის რამდენიმე მსახიობმა The Newyorker-სა და The New York Time-ს აცნობა, რომ ის პროფესიული კარიერით აშანტაჟებდა და აიძულებდა სექსს ან აუპატიურებდა. მათ შორის ისეთი ვარსკვლავები არიან, როგორებიც ანჯელინა ჯოლი და გვინეტ პელტროუა.
ამ პუბლიკაციების შემდეგ, ვაინშტაინის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე აღიძრა. ის იძულებული გახდა დაეტოვებინა ყველა პოსტი საკუთარ კომპანია Miramax-ში, ამასთან, მას დაშორდა ცოლი.
ჰარვი ვაინშტაინის დაცემის ისტორია – ამავდროულად, მოძრაობა #Metoo-ს აღმასვლის ისტორიაა. ეს მოძრაობა 2006 წელს, აქტივისტმა და მწერალმა ტარანა ბურკმა სექსუალური ძალადობის მსხვერპლი ქალების მხარდასაჭერად შექმნა. გლობალური ცნობადობა მას შემდეგ მოიპოვა, რაც 2017 წელს, მსახიობმა ალისა მილანომ Twitter-ის საკუთარ გვერდზე ქალებს მოუწოდა, მოეთხროთ მათზე განხორციელებული ძალადობის შესახებ და ასეთი ისტორიებისთვის ჰეშთეგი #Metoo დაერთოთ.