გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ირაკლი სესიაშვილი: არ მგონია, ახლა ის სიტუაცია იყოს, როცა შენ ქვეყანას და საზოგადოებას ულტიმატუმის ენით უნდა ელაპარაკებოდე

20-04-2020

„ბოლო დღეებში ჩვენ ვნახეთ covid19-ის გავრცელების ძალიან მაღალი რიცხვები. ეს შეუქცევადი პროცესი იყო და ამაზე გვაფრთხილებდნენ ეპიდემიოლოგები. ის, რომ საგანგებო მდგომარეობის გაგრძელების საჭიროება არსებობს, ამას პირველ რიგში საზოგადოება ხედავს ძალიან კარგად და ამაზე მუდმივად საუბრობს ხელისუფლება, მედიკოსები, ეპიდემიოლოგები“, - განაცხადა თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი სესიაშვილმა ტვ „იმედის“ ეთერში.

მისი ინფორმაციით, 22 აპრილს, ოთხშაბათს საქართველოს პარლამენტი საგანგებო მდგომარეობის საკითხს განიხილავს.

„სამწუხაროა, რომ ოპოზიცია პოლიტიკურად მანიპულირებს. არა მგონია, ახლა ის სიტუაცია იყოს, სადაც ულტიმატუმის ენით უნდა ელაპარაკებოდე შენს ქვეყანას და საზოგადოებას. ისინი ძალიან კარგად ხედავენ, რომ ხელისუფლება მუშაობს საერთაშორისო საზოგადოებასთან,რის შედეგადაც უკვე მობილიზებულია 3 მლრდ დოლარი. ეს არის ძალიან სერიოზული მიღწევა ჩვენი ქვეყნისთვის ამ რთულ ვითარებაში, როცა ყველა ქვეყანა ერთგვარად ხელს უჭერს თავის რესურსებს. ასეთ ვითარებაში ამხელა რესუსრის მოძიება არის ძალიან დიდი წარმატება“, - აღნიშნა ირაკლი სესიაშვილმა.

მისი განცხადებით, ხელისუფლებას უკვე შეუძლია ისაუბროს ეკონომიკური პროგრამის მნიშვნელობაზე, თუმცა მიაჩნია, რომ ოპოზიციის მიერ გაკეთებული განცხადება, რომ თუ ეკონომიკური პროგრამა არ იქნება, მხარს არ დაუჭერენ საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებას, ნიშნავს მათი მხრიდან მოსახლეობის დაყენებას ჯანმრთელობის შელახვისა და სიკვდილის რისკის ქვეშ.

„ეს არის ჩვეულებრივი და მარტივი პოპულიზმი, რომ თითქოს შეწუხებული არიან ჩვენი მოსახლეობის ეკონომიკური პრობლემებით. სოციალური და ეკონომიკური პრობლემები ჩვენთვის, რა თქმა უნდა, არის მთავარი გამოწვევა. ჩვენ ერთ-ერთი პირველი ქვეყანა ვიყავით, რომელმაც წინასწარ დაიწყო მუშაობა იმაზე, თუ რა ღონისძიებები უნდა გატარდეს პოსტეპიდემიურ ვითარებაში. პრემიერმინისტრი საკოორდინაციო საბჭოში ეკონომიკურ გუნდთან ერთად მუშაობს, რაშიც ასევე სამოქალაქო სექტორის ეკონომისტები და ექსპერტები არიან ჩართული. ძალიან კარგია, როდესაც არაპოლიტიკურად მოტივირებული საექსპერტო წრეები მხარს უჭერენ და კარგ წინადადებებს სთავაზობენ ხელისუფლებას. სწორედ აქ არის „ქართული ოცნების“ გუნდის სიძლიერე, რომ გვაქვს ძალიან კარგი კომუნიკაცია საზოგადოებასთან, საზოგადოების გარკვეულ წრეებთან, ეკონომისტებთან, ექიმებთან. ეს არის ერთ-ერთი მთავარი იარაღი იმისთვის, რომ რაც შეიძლება დროულად, ერთიანად გამოვიდეთ ამ მდგომარეობიდან. რა თქმა უნდა, ამის შემდეგ მოგვიწევს ძალიან ბევრი მუშაობა, რომ ქვეყანა დავუბრუნოთ ნორმალურ რეჟიმს“,- განაცხადა ირაკლი სესიაშვილმა.​

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930