23-04-2020
ჯანდაცვის მინისტრის ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, ჯარში კორონავირუსი არ დაფიქსირებულა, თუმცა COVID-19-ის შემთხვევები არის შსს-ში. მისივე თქმით, ინფექცია დაუდასტურდათ ექიმებსაც, თუმცა ვითარება ამ ჯგუფებში კონტროლირებადია.
ამის შესახებ ტიკარაძემ დღეს საკოორდინაციო საბჭოს სხდომის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
"კორონავირუსი არ დაფიქსირებულა ჯარში, არის შსს-ს რამდენიმე თანამშრომელი, ვისაც დაუფიქსირდა, თუმცა საგანგაშო ამაში არაფერიადა არიან ექიმები, ვისაც დაუფიქსირდათ. მათი რიცხვი არის ოცამდე, ეს გარკვეულწილად იყო მოსალოდნელიც. აქედან გამომდინარე იყო დაგეგმილი ეს გაიდლაინი და ალგორითმი, რის მიხედვითაც ხდება ამ ჯგუფების ტესტირება. ზოგადად, სიტუაცია ამ ჯგუფებში არის კონტროლირებადი, ჩვენ დამატებით ვმუშაობთ იმ უსაფრთხოების ზომების და ნორმების დანერგვაში და მიმდინარეობს ტრენინგები ყველა ამ ჯგუფში, რათა ისინი სამომავლოდ იყვნენ უფრო მეტად დაცულები. აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ მათ ძირითადად აქვთ გადატანილი დაავადება უსიმპტომოდ, რაც ასევე ყურადსაღებია და ჩვენთვისაც სამომავლოდ გასათვალისწინებელია. პრევენციიდან გამომდინარე, ყველა ის ექიმი, ვინც იყო აღმოჩენილი, მონიტორინგის ქვეშ იმყოფებიან, რათა ზუსტად ვიცოდეთ, რომ მათი მხრიდან სხვა ადამიანების დაინფიცირების რისკი არ არსებობს. " - განაცხადა ტიკარაძემ.