24-04-2020
ხელისუფლება ორ მთავარ ფრონტზე იბრძვის - მოქალაქეების ჯანმრთელობა და სიცოცხლე და ეკონომიკა და სოციალური უზრუნველყოფა, ამიტომ ყველა ის ნაბიჯი, რომელსაც მთავრობა დგამს, გამოწვეულია ჯანმრთელობის, სიცოცხლის დაცვისა და შემდგომ ეკონომიკის გადარჩენის მოტივაციით,- ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ანტიკრიზისული ეკონომიკური ჯგუფის სხდომაზე განაცხადა, სადაც ანტიკრიზისულ ეკონომიკურ გეგმას წარადგენს.
მთავრობის მეთაურმა კორონავირუსთან ბრძოლის პროცესსა და სპეციალურ ფონდში შეტანილი წვლილისთვის განსაკუთრებული მადლობა გადაუხადა ფონდ „ქართუს“ და ბიძინა ივანიშვილს, ასევე ყველა ადამიანს, რომელმაც ფონდს ფინანსური დახმარება გაუწია.
„მადლობა თითოეულ საჯარო მოხელეს, კერძო სექტორის წარმომადგენელს, თითოეულ მოქალაქეს, რომელმაც ფინანსური დახმარება გაუწია კორონავირუსის წინააღმდეგ შექმნილ სპეციალურ ფონდს, რომელშიც უკვე საკმაოდ სოლიდური თანხა მოგროვდა. განსაკუთრებულ მადლობას ვუხდი ფონდ ქართუს და ბიძინა ივანიშვილს, იმ წვლილისთვის, რომელიც მან ამ ბრძოლაში შეიტანა ფინანსურადაც და რა თქმა უნდა მისი პირადი ჩართულობით მენეჯმენტის ნაწილში“, - აღნიშნა პრემიერმა.