26-04-2020
ექსპეტი ნიკოლოზ მეტრეველი მიხეილ სააკაშვილის უკრაინის მთავრობაში შესაძლო დანიშვნასთან დაკავშირებით ნინო ბურჯანაძის მიერ გაკეთებულ კომენტარს ეხმაურება. მეტრეველის აზრით, ბურჯანაძის განცხადება, თითქოს მიხეილ სააკაშვილს პროკურატურა მხოლოდ "პიჯაკებს და ვენოკებს" ედავება, უკადრებელი განცხადებაა.
ამის შესახებ მეტრეველმა სოციალურ ქსელში დაწერა.
"დღეს, ქალბატონ ნინო ბურჯანაძეს და მე, ერთ-ერთ არხზე (სიუჟეტში) მოგვიწია, მიხეილ სააკაშვილის უკრაინის მთავრობაში შესაძლო დანიშვნაზე კომენტარის გაკეთება.
სიუჟეტში ნინო ბურჯანაძემ ბრძანა, რომ თითქოს მიხეილ სააკაშვილს პროკურატურა მხოლოდ "პიჯაკებს და ვენოკებს" ედავება. არადა ვინ თუ არა ნინო ბურჯანაძემ ყველაზე კარგად იცის, რომ სააკაშვილს უკვე მისჯილი აქვს სანდრო გირგვლიანის საქმეზე 3 წელი, ვალერი გელაშვილის საქმეზე 8 წელი და ძიებაშია კიდევ არაერთი მძიმე საქმე.
მოკლედ რისი თქმა მინდა: მესმის პოლიტიკაში შეიძლება აზრები შეიცვალო, მაგრამ როცა უმწვავესი დაპირისპირება გქონდა სააკაშვილთან და 26 მაისს სისხლში გვაცურავეს (მეც და უამრავი სხვა ადამიანი, თუმცა ჩემზე რა მოსატანია ადამიანები დაიღუპნენ! მიშას დავალებით! ) მსგავსი უკადრებელი არ უნდა იკადრო.
მეტის თქმაც მინდა, მაგრამ არის დაუწერელი ზნეობრივი და მორალური წესები, რომელსაც მუდამ ვიცავ" - წერს ნიკოლოზ მეტრეველი.