27-04-2020
თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, მარინა ეზუგბაიას განცხადებით, კლინიკაში ამჟამად 46 ინფიცირებული მკურნალობს, ჯამში კი 57 პაციენტი გამოჯანმრთელდა.
იმ პაციენტებს შორის, რომლებიც ახლა თბილისის ინფექციურ საავადმყოფოში მკურნალობენ, ერთი თეთრიწყაროს კლასტერიდან არის.
კლინიკის სამედიცინო დირექტორის თქმით, გამოჯანმრთელებულებს ინფექციური საავადმყოფოდან თითქმის ყოველდღე წერენ. ასევე, თითქმის ყოველდღე უწევთ ახალი პაციენტის მიღება. დღეს ელოდებიან განმეორებით პასუხს 6 პაციენტზე, რომელთა პირველმა ანალიზმა კოვიდუარყოფითი აჩვენა.
"ჩვენთან თეთრიწყაროს კლასტერიდან ერთი პაციენტი იმყოფება. ამ რამდენიმე დღეში დაახლოებით 4 პაციენტი შემოვიდა, ძირითადად არის ბოლნისისა და მარნეულის წყარო. მივიღეთ კიდევ ერთი ბავშვი და ახლა გვყავს უკვე 11 მოზარდი. ამ 11 მოზარდის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. მონიტორინგისთვის შესაბამის დღეებში უკვე ჩავატარებთ ტესტირებას და თანდათანობით ისინიც დატოვებენ კლინიკას," - განაცხადა მარინა ეზუგბაიამ.
გარდა ამისა, ეზუგბაიას განმარტებით, გაუმჯობესდა კრიტიკული პაციენტების მდგომარეობაც.
"ჩვენ 17 მძიმე პნევმონიით პაციენტი გვყავდა. ორი კრიტიკული იყო. დანარჩენი იყო მძიმე პნევმონია. ამ ეტაპზე ის ორი კრიტიკულიც, როგორც მძიმე პნევმონია, ისე განიხილება. მათი მდგომარეობა დინამიკაში გაუმჯობესებულია. ამ პაციენტებთანაც არ შეინიშნებოდა დაავადების პროგრესირება. მათთანაც დაიწყება გამოჯანმრთელების მონიტორინგი," - აღნიშნა მარინა ეზუგბაიამ.