29-04-2020
,,თქვენი ტელევიზიის მეშვეობით მინდა ვთქვა, რომ სააკაშვილის მმართველობის პრინციპები და მეთოდები გეგმაზომიერ ქმედებებს არ ემყარება. მას შეუძლია რაღაც გააკეთოს, იმოქმედოს სიტუაციაზე, თუ მას ხელთ მთელი ძალაუფლება აქვს, მაგრამ მას პრაქტიკულად არ შეუძლია ადამიანებთან ერთად მუშაობა. ასე დაიმორჩილა მან ყველაფერი საქართველოში. მან შექმნა სახელმწიფო სტრუქტურებისგან კარგად ორგანიზებული ჯგუფი, რომელიც იმით იყო დაკავებული, რომ დაუმორჩილებელ მოქალაქეებს აპატიმრებდნენ, აიძულებდნენ ხელი მოეწერათ სახელმწიფოსთის მათი საკუთრების გადაცემაზე და ამას ერქვა კორუფციასთან ბრძოლა. თუ უკრაინის ხელისუფლებას აინტერესებს რეფორმები, ჩამოვიდნენ ან ჩვენ ჩამოვალთ და კარგ მაგალითებზე ვაჩვენებთ რა შეიძლება გაკეთდეს“,-ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერმა გიორგი ვოლსკიმ უკრაინული ტელევიზიის ,,112“-ის მთავარ პოლიტიკურ თოქ-შოუში „პულსი“ განაცხადა.
გიორგი ვოლსკის განცხადებით, სააკაშვილის მმართველობის პერიოდზე და მისი მმართველობის სტილზე არსებობს ფაქტები, მაგალითები, რომელთა გაცნობა და ნახვა უკრაინის ხელისუფლებას ძალიან მარტივად შუძლია. საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერმა მაგალითისთვის გაიხსენა 2008 წლის აგვისტოს ომის შესახებ, იმჟამინდელი ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის, ელჩების და სხვა მაღალჩინოსნების გამონათქვამები. მისივე თქმით, სააკაშვილის ფაქტორი ორმხრივ ურთიერთობების შორის არ უნდა ჩადგეს. „მე რომ არ ვყოფილიყავი დღეს თქვენი გადაცემის სტუმარი, რომ არ გამეკეთებინა კომენტარი ამ თემებზე, ჩემს გარეშეც ძალიან მარტივად შეგიძლიათ აიღოთ სტრასბურგის გადაწყვეტილება, ქართული სასამართლოს სამი ინსტანციის გადაწყვეტილებები, ესაუბროთ ვალერი გელაშვილს, ნახოთ არა მარტო მისი, არამედ იმ მოკლული ახალგაზრდების ფოტოები, რომლებიც დაცხრილეს, როგორც სააკაშვილი ამბობდა, წესრიგის დასამყარებლად. მე ვსაუბრობ მხოლოდ ფაქტებით და მაგალითისთვის მოგიყვანთ აგვისტოს ომს. ამ ომში ჩვენმა მეომრებმა გმირობის მაგალითები აჩვენეს, თავდამსხმელი აგრესორების დიდი ნაწილი გაანადგურეს. 9 აგვისტომდე სააკაშვილის მთავრობა რა აღიარებდა, რომ რუსეთი რამე ფორმით ჩართული იყო ამ შეიარაღებულ აგრესიაში. მან არათუ მიმართა საერთაშორისო ორგანიზაციებს, რისი გაკეთებაც მას ჯერ კიდევ ივლისში შეეძლო, არამედ, რუსეთის წარმომადგენლის შეთავაზებით, იტალიაში გაემგზავრა დასასვენებლად და იქედან ჩამოსული ამბობდა, რომ რუსეთი საერთოდ არ არის დაინტერესებული სამხრეთ ოსეთით და საერთოდაც, „სამხრეთ ოსეთი ის მორყეული კბილია, რომელიც შეიძლება მოიძრო“, ვციტირებ. არის ციტატები, არის საგზაო რუკა, რომელიც ევროკავშირისა და ამერიკის შეერთებული შტატების მიერ, ჩვენს ექსპერტებთან ერთად იყო შედგენილი. მან ყველაფერი გადახაზა. გაეცანით რას წერს კონდოლიზა რაისი, მაშინდელი ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანი, ან მოუსმინეთ ამერიკის ელჩებს, ვინც მაშინ საქართველოში მუშაობდნენ, მოუსმინეთ მაილსს ან სხვა მაღალჩინოსნებს“,-განაცხადა გიორგი ვოლსკიმ.