1-05-2020
„გლობალური ეკონომიკის რეცესიაში შესვლის მიუხედავად, როცა ბიზნეს აქტივობა მთელი მსოფლიოს მასშტაბით არის შეზღუდული, ენერგეტიკის სექტორში ერთ-ერთმა გიგანტმა იაპონურმა კომპანია TEPCO-მ საქართველოში ინვესტიცია განახორციელა. ეს არის საქართველოში იაპონიის მხრიდან განხორციელებული უმსხვილესი პირდაპირი ინვესტიცია. ენერგეტიკა იყო და არის პრიორიტეტი და ტოპ-მიმზიდველი სექტორი ინვესტორებისთვის,“ - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ სამინისტროს ანტიკრიზისული გეგმის პრეზენტაციის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე.
100-წლოვანი ისტორიის მქონე უმსხვილესი იაპონური ენერგეტიკული კორპორაციის „TEPCO“ – ს შვილობილი კომპანია „TEPCO Renewable Power” „დარიალი ჰესის“ მეწილე გახდა. იაპონური კორპორაციის ოფიციალური რელიზის თანახმად, „TEPCO“- მ საქართველოში ინვესტირება მას შემდეგ გადაწყვიტა, რაც ქვეყანაში არსებული ხელსაყრელი და სანდო დარგობრივი პოლიტიკის სიმტკიცეში დარწმუნდა. საქართველო, ვიეტნამის შემდეგ, მეორე ლოკაციაა, სადაც „ TEPCO “ ენერგეტიკის სექტორში ინვესტორის სტატუსით შემოვიდა.
„საქართველოს მთავრობამ, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ, ასევე სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ გუნდმა ძლიერი მზაობა გამოხატეს ქვეყანაში ენერგეტიკის სექტორში კერძო ინვესტიციების განხორციელების გაძლიერებისა და განვითარების კუთხით. ასევე მოხიბლული დავრჩით საქართველოში ჩვენი კერძო პარტნიორების, სელერებისა და ყველა იმ მხარის მუშაობით, ვინც ყველანაირად მხარში გვედგა, რათა ეს ტრანზაქცია შემდგარიყო, მიუხედავად კორონავირუსით გამოწვეული შექმნილი ვითარებისა“, - აღნიშნავენ კომპანიაში.
აღსანიშნავია, რომ „TEPCO“ - ს მფლობელობაში არსებული ენერგო სადგურების ჯამური წლიური გამომუშავება შეადგენს 220 მილიარდ კვტ.სთ-ს, რაც 17-ჯერ აღემატება საქართველოში წლიურად მოხმარებული ელექტროენერგიის რაოდენობას. კორპორაციას ფილიალები აქვს ვაშინგტონში, კოლუმბიასა და ლონდონში. მისი საქმიანობა დაკავშირებულია ენერგეტიკულ კვლევებთან და ინოვაციებთან, მათ შორის მზისა და ქარის ენერგიების გამოყენება-განვითარებასთან.