გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
პრემიერის მრჩეველი: სავალუტო ფონდის მხარდაჭერა ნიშნავს, რომ ქვეყანაში ძალიან მაღალი დონის მაკროეკონომიკური მენეჯმენტია

2-05-2020

საერთაშორისო სავალუტო ფონდის აღმასრულებელ დირექტორთა საბჭომ დაასრულა გაფართოებული დაფინანსების მექანიზმით მხარდაჭერილი მიმდინარე პროგრამის მე-6 მიმოხილვა და დაამტკიცა ის ფინანსური მხარდაჭერა, რომელსაც საქართველო საერთაშორისო სავალუტო ფონდისგან მიიღებს, ამ დახმარების პირველი ტრანში არის 200 მილიონი აშშ დოლარი, რომელიც მომავალ კვირას გადმოირიცხება, - ამის შესახებ ეკონომიკურ საკითხებში პრემიერ-მინისტრის მრჩეველმა განაცხადა.

ბექა ლილუაშვილის თქმით, საქართველო არის პირველი ქვეყანა, რომელმაც პანდემიის გავრცელების შემდეგ მიმდინარე პროგრამის ფარგლებში საერთაშორისო სავალუტო ფონდიდან გაფართოებული ფინანსური მხარდაჭერა მიიღო და დამატებით მიიღებს.

„ეს ნიშნავს იმას, რომ ქვეყანაში არის ძალიან მაღალი დონის მაკროეკონომიკური მენეჯმენტი და ეს მნიშნელოვანი სიგნალია ყველა საერთაშორისო განვითარების პარტნიორისთვის, რომ საქართველოში შესაძლებელია მნიშვნელოვანი ფინანსური რესურსების მობილიზება. ისინი, როგორც ჩვენთვის აქამდეც იყო ცნობილი, უერთდებიან საერთაშორისო სავალუტო პროგრამის მიმდინარეობას და ჩვენთვის ხელმისაწვდომს ხდიან 1,5 მილიარდი აშშ დოლარის ოდენობის ფინანსურ რესურსს, როგორც საბიუჯეტო დახმარების, ასევე სხვადასხვა პროექტის დაფინანსების მიმართულებით. ეს არის ის თანხები, რომლითაც ნაწილობრივ დაფინანსდება მიმდინარე ბიუჯეტის საჭიროებები, ხოლო მეორეს მხრივ ყველა ის ღონისძიება, რომელიც მთავრობის ანტიკრიზისულ ეკონომიკურ გეგმაში იყო წარმოდგენილი. ეს საქართველოს მთავრობას საშუალებას აძლევს, იზრუნოს თითოეული მოქალაქის მიმდინარე საჭიროებებზე, მხარი დაუჭიროს მათ კრიზისის განმავლობაში და დაეხმაროს ეკონომიკას კრიზისიდან სწრაფად გამოსვლის პროცესში“, - აღნიშნა ბექა ლილუაშვილმა.

საერთაშორისო სავალუტო ფონდის აღმასრულებელ დირექტორთა საბჭომ ახალი კორონავირუსის პანდემიის ეფექტის შესარბილებლად საქართველოსთვის 200 მილიონი აშშ დოლარის გამოყოფა დაამტკიცა, - ამის შესახებ ინფორმაცია სოციალურ ქსელ „ტვიტერში“საერთაშორისო სავალუტო ფონდის(IMF) ოფიციალურ გვერდზე გამოქვეყნდა.

ფონდი ასევე აღნიშნავს, რომ წარმატებით დასრულდა საქართველოს ეკონომიკური პროგრამის VI მიმოხილვაც.

საქართველოსთვის 200 მილიონი აშშ დოლარის გამოყოფასთან დაკავშირებით აღმასრულებელ დირექტორთა საბჭოს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას გამოეხმაურა საერთაშორისო სავალუტო ფონდის მმართველი დირექტორიც.

კრისტალინა გეორგიევა მიესალმება საქართველოს ძალისხმევას ახალი კორონავირუსის პირობებში ჯანდაცვის სექტორში საბიუჯეტო ხარჯების გაზრდის, სოციალური დაცვის გაძლიერებისა და კერძო სექტორის მხარდაჭერის მიმართულებით.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930