6-05-2020
დღეს ჩვენ გვაქვს კრონავირუსის სტაბილური მიმდინარეობა, პატარ-პატარა აღმავლობებით. ძირითადად პროცესი მიდის სტაბილურად და ეს არის დაბალი მაჩვენებელი. იმედი ვიქონიოთ, რომ ასე შევინარჩუნებთ და მერე ინფექცია გახდება მილევადი, - ამის შესახებ ინფექციონისტმა, მაია ბუწაშვილმა „იმედის დილაში“ განაცხადა.
მისი თქმით, ქვეყანაში ინფექცია ზომიერად მიმდინარეობს, რაც ძალიან კარგია. „იმედი ვიქონიოთ, რომ აღარ იქნება პიკი. ეს გარდაუვალი აუცილებლობა არაა. ჩვენ ვლაპარაკობთ პიკზე, რადგან სხვა ქვეყნების მაგალითით ვიხელმძღვანელეთ. მაგრამ აუცილებელი არაა, რომ სწრაფი აღმავლობა დაიწყოს“, - აღნიშნა ინფექციონისტმა.
მაია ბუწაშვილი, კვლევებსაც გამოეხმაურა, რომლის მიხედვითაც პანდემიის დასრულების პროგნოზირება ხდება. „რაც შეეხება სინგაპურის კვლევას, ასეთი ძალიან ბევრია და სხვადასხვა შედეგებს დებს. ძალიან პირობითია ასეთი კვლევები და მაინცდამაინც არ უნდა ავყვეთ. კვლევებმა შესაძლოა ტენდენციებზე მიგვანიშნოს, მაგრამ ასე მკაცრად, რომ პანდემიის დასრულების თარიღი ქვეყნის შიგნით გამოთვალოს ეს შეუძლებელია. იმიტომ რომ ეს არის ახალი ვირუსი და მისი მოდელირება ძალიან პირობითია“, - აღნიშნა ბუწაშვილმა.
საქართველოში კორონავირუსი 604 ადამიანს დაუდასტურდა, აქედან 240 ადამიანი უკვე გამოჯანმრთელდა. გარდაიცვალა 9 პაციენტი.
ვირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა ქვეყანაში 2020 წლის 26 თებერვალს დადასტურდა. 21 მარტს საქართველოში საგანგებო მდგომარეობა ამოქმედდა, 31 მარტიდან კი - საყოველთაო კარანტინის რეჟიმი.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით.