გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები რეტრო მედია
ლევან ბერძენიშვილი: უნდა გაირკვეს, პირადად გასცა თუ არა ვანო მერაბიშვილის ცოლმა გირგვლიანის მკვლელობის ბრძანება; სააკაშვილმა ამ საქმეში ველურივით იმოქმედა

7-05-2020

"რესპუბლიკური პარტიის" ერთ-ერთი ლიდერის, ლევან ბერძენიშვილის განცხადებით, შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრის, ვანო მერაბიშვილის მეუღლე, თაკო სალაყაია სანდრო გირგვლიანის მკვლელობის საქმეში როგორც მინიმუმ, მორალურადაა დამნაშავე.


მისივე თქმით, დამნაშავეა აგრეთვე სააკაშვილის ხელისუფლების თავდაცვის მინისტრი, დავით კეზერაშვილი, რომელმაც ისრაელისგან ნაყიდი იარაღი ერთ-ერთ მუსულმანურ ქვეყანას მიჰყიდა.


"დავით კეზერაშვილი მილიონერად არ დაბადებულა და ჩვეულებრივი ბანდიტია. ის "ნაციონალური მოძრაობის" დიდი სირცხვილია. კეზერაშვილის დანაშაულების შესახებ საქართველოში კი არა, მთელ მსოფლიოში აცხადებენ, რაც "დელოიტის" დასკვნამაც დაადასტურა.


იმ პერიოდში, როცა საქართველო საომარ ვითარებაში იყო, კეზერაშვილმა ისრაელისგან ნაყიდი იარაღი ერთ-ერთ მუსულმანურ ქვეყანას მიჰყიდა" - განაცხადა ლევან ბერძენიშვილმა გაზეთ "ვერსიასთან" ინტერვიუში.


მან, ამავე ინტერვიუში აღნიშნა, რომ ვანო მერაბიშვილის ცოლს, თაკო სალაყაიას ახალგაზრდა კაცი ( სანდრო გირგვლიანი რედ.) შესწირეს.


"ჩანს, ნაციონალებს გეგმები იმდენად აერიათ, რომ მათთვის წმინდანებად საერთაშორისო დამნაშავე კეზერაშვილი, ვანო მერაბიშვილი და მისი მეუღლე, თაკო სალაყაია იქცნენ. მერაბიშვილის ცოლის დაკითხვის საკითხს პოლიტიკურ დევნად ვერავინ გამოაცხადებს, რადგან მას მსხვერპლად ახალგაზრდა კაცი შესწირეს.


სანდრო გირგვლიანის საქმესთან დაკავშირებით ევროპის სასამართლომ დასკვნა გამოგვიგზავნა, რომლის წაკითხვისას პირადად მე ძალიან შემრცხვა - მაშინდელმა ხელისუფლებამ, მათ შორის პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა, ველური ადამიანებივით იმოქმედეს.


უნდა გაირკვეს, რა როლი შეასრულა სალაყაიამ გირგვლიანის მკვლელობაში, პირადად გასცა ბრძანება თუ სხვებმა კაცის სიკვდილით ასიამოვნეს. მერაბიშვილის მეუღლე მორალურად დამნაშავეა"-განაცხადა ლევან ბერძენიშვილმა გაზეთ "ვერსიასთან" ინტერვიუში, რომელიც 2014 წლის 24 იანვარს გამოქვეყნდა.


შეგახსენებთ, რომ ამ ინტერვიუს გამოქვეყნების დროს, ლევან ბერძენიშვილი და "რესპუბლიკური პარტიის" რამდენიმე წევრი "ქართული ოცნების" კოალიციით საპარლამენტო უმრავლესობას წარმოადგენდა.


სულ ცოტა ხნის წინ კი, საპატიმროდან გათავისუფლებულმა შინაგან საქმეთა ყოფილმა მინისტრმა, ვანო მერაბიშვილმა განაცხადა, რომ ერთ-ერთი პირველი, ვისაც მან ე.წ. მატროსოვის ციხის დატოვების შემდეგ დაურეკა, სწორედ ლევან ბერძენიშვილი იყო.


ამასთან, შეგახსენებთ, რომ 2007 წელს, მიხეილ სააკაშვილის ხელისუფლებამ, რომლის "ხერხემალსაც" ვანო მერაბიშვილი წარმოადგენდა, ლევან ბერძენიშვილი რუსეთის კონტრდაზვერვის აგენტად გამოაცხადა, თუმცა, როგორც მოგვიანებით თავად ლევან ბერძენიშვილმა განაცხადა, მან სააკაშვილს აპატია, რადგან ის პირადად მივიდა და ბოდიში მოუხადა.


P.S. მასალა მომზადებულია საინფორმციო სააგენტო newspress.ge - ს საარქივო ბაზაზე დაყრდნობით.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930