7-05-2020
„ნაციონალური მოძრაობის ყალბი გვერდები და პროფილები დაბლოკა facebook-მა და პირდაპირ მიუთითა, რომ ეს გააკეთა ჩვეულებრივი მომხმარებლების მიმართვების საფუძველზე. ნაცების ერთი გვერდი, რომელიც დაიბლოკა, რამდენიმე წლის ნაგროვები „ლაიქებით“ 400 000-მდე იყო ასული“, - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ, მამუკა მდინარაძემ ტვ „იმედის“ ეთერში.
მისი თქმით, ყველაზე მნიშვნელოვანი იყო ის, თუ ვის წინააღმდეგ მოქმედებდნენ ფეიკ პროფილები სიცრუით. „ეს იყო ეკლესია და პატრიარქი, საქართველოს ხელისუფლება. მარტო კრიტიკა რომ იყოს, ამაზე არ არის საუბარი. სიცრუე და დეზინფორმაცია - ეს იყო მათი ხელისუფლების წინააღმდეგ ბრძოლის ნიშანი და რაც ასევე ძალიან მნიშვნელოვანია, ექიმებისა და covid19-თან ბრძოლის ღონისძიებების წინააღმდეგ იყო მიმართული მათი განცხადებები. როცა ბრძოლაშია ჯარისკაცი და მას ზურგიდან ურტყამ ფეიკ ნიუსებით, ეს ცალკე ბოროტება და მავნებლობაა. ობიექტურობა მოითხოვს, ვთქვა, რომ ვისიც არ უნდა იყოს ფეიკ გვერდი, როგორ კეთილშობილურ მიზნებსაც არ უნდა ემსახურებოდეს, მაინც ცუდია“, - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.