8-05-2020
ფონდ „ქართუს“ დაფინანსებით, მთაწმინდის ფერდის ტყის ლანდშაფტი აღდგება და დაახლოებით 700 ჰექტარი ტერიტორია გამწვანდება.
პროექტის პრეზენტაციაზე დღეს თბილისის მერმა, კახა კალაძემ პროექტის მნიშვნელობასა და დეტალებზე ისაუბრა.
მისი თქმით, ეკოლოგიური მდგომარეობა ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პრობლემაა, რომლის მოგვარებისთვისაც სხვადასხვა ღონისძიება არის დაგეგმილი.
„დაგეგმილი გვაქვს მთელი რიგი ღონისძიებები. ეს არის არსებული პარკების, სკვერების რეაბილიტაცია, ახალი საქალაქო პარკების მშენებლობა და ამ მიმართულებით ბევრი მნიშვნელოვანი ნაბიჯი იქნა გადადგმული. დღეს მსურს, გაცნობოთ, რომ ფონდ „ქართუსთან“ შეთანხმების ფარგლებში, თბილისის მუნიციპალიტეტის მერია იწყებს დედაქალაქის გულის, მთაწმინდის ფერდის აღდგენის პროექტს, რომელიც მთაწმინდის ფერდის ტყის ლანდშაფტის სრულ აღდგენა-რეაბილიტაციას ითვალისწინებს. იცით, რომ ჩვენ ეკოლოგიური მიმართულებით გვაქვს სერიოზული პრობლემები ქალაქში“, – განაცხადა კახა კალაძემ.
მისი განმარტებით, ათეულობით წლების წინ დარგული ფიჭვები უმძიმეს მდგომარეობაშია, მათი უმეტესობა გამხმარია და საჭიროებს ჩანაცვლებას.
„ეს კონკრეტული, დღევანდელი ღონისძიება და შეთანხმება ამ მიმართულებით არის ძალიან მნიშვნელოვანი. ჩვენი მთავარი მიზანი, მთაწმინდის ფერდის ლანდშაფტის ოთხ სეზონად გადაქცევაა, რაც მარადმწვანე და ფოთლოვანი ხეების, ასევე ბუჩქოვანი და ბალახოვანი საფარის განაშენიანება-რეაბილიტაციას გულისხმობს. ამჟამად მიმდინარეობს პროექტის განხორციელებისთვის აუცილებელი სამუშაოები“, – განაცხადა კახა კალაძემ.
მან აღნიშნულ საკითხში მხარდაჭერისთვის ბიძინა ივანიშვილსა და მის ოჯახს მადლობა გადაუხადა.
„აქვე მსურს, კიდევ ერთხელ დიდი მადლობა გადავუხადო „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ თვმჯდომარე ბიძინა ივანიშვილსა და მის ოჯახს ამ მხარდაჭერისთვის, თანადგომისთვის. ამ კონკრეტული პროექტისთვის გამოყოფილია 16 მილიონი, რათა მოხდეს არსებული ხე-მცენარეების ჩანაცვლება და გამოვაცოცხლოთ მთაწმინდის ფერდი, რაც, შეიძლება პირდაპირ ითქვას, არის თბილისის გული.
მინდა, კიდევ ერთხელ, ყველა იმ ადამიანს დიდი მადლობა გადავუხადო, ვინც პროექტის განხორციელებაში უშუალოდ იღებს მონაწილეობას. თამაზ გამყრელიძეს მსურს, პირადად დიდი მადლობა გადავუხადო თანადგომისთვის, მხარდაჭერისთვის და კიდევ ერთხელ მინდა, აღვნიშნო, რომ ძალიან მნიშვნელოვანია ასეთი პროექტების განხორციელება, რათა გავაუმჯობესოთ ქალაქში არსებული ეკოლოგიური მდგომარეობა“, – აცხადებს კახა კალაძემ.
მისი განმარტებით, ეს საკითხი მრავალი კომპონენტისგან შედგება.
„რა თქმა უნდა, ამ ყველაფერს, რომელიც ბევრი კომპონენტისგან შედგება, ის პროექტები, სამუშაოები, რომელსაც მუნიციპალიტეტი ახორციელებს, ემატება კიდევ აღნიშნული პროექტი. დაახლოებით 700 ჰექტარზე არის საუბარი, მთლიანად იქნება განახლებული, ჩანაცვლებული, მოწესრიგებული მთაწმინდის ფერდი“, – აცხადებს კალაძემ.
როგორც მან აღნიშნა, 2020 წელს ქალაქის მწვანე პოლიტიკის მიმართულებით, არაერთი პროექტია დაგეგმილი, რომელზეც საზოგადოებას ეტაპობრივად მიეწოდება ინფორმაცია.
„თბილისს აქვს სრული პოტენციალი, იყოს ევროპის ერთ-ერთი ყველაზე მწვანე ქალაქი და გარწმუნებთ, თბილისი აუცილებლად იქნება სიცოცხლით, სილამაზითა და სიმწვანით სავსე ქალაქი“, – განაცხადა დედაქალაქის მერმა.