8-05-2020
„ფონდი „ქართუსა“ და თბილისის მერიის მიერ დღეს წარმოდგენილი პროექტი - თბილისში ურბანული ტყის მოწყობის შესახებ, ქალაქის ეკოსისტემის აღდგენაში უდიდესი და უმნიშვნელოვანესი კონტრიბუციაა. პროექტი 700 ჰა ტერიტორიის, დაწყებული მთაწმინდის ფერდობიდან დასრულებული კუს ტბის ფერდობის ჩათვლით, ბიომრავალფეროვნების ყველა პრინციპის დაცვით გამწვანებას გულისხმობს"- ამის შესახებ პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარემ, ნინო წილოსანმა მთაწმინდის ფერდობის ლანდშაფტის აღდგენითი სამუშაოების პროექტის შეფასებისას განაცხადა.
მისი თქმით, დარგის სპეციალისტების, ეკოლოგების, ბიოლოგების, ურბანისტების და სხვათა ჩართულობით ტერიტორიის საფუძვლიანად შესწავლა, ასევე გამხმარი და გაფუჭებული ხეების აღრიცხვა და დამატებით ახალი ენდემური ჯიშის ხეების და ნარგავების დათესვა მოხდება.
"შესაბამისად, ამ ტერიტორიაზე მოეწყობა სასიარულო ბილიკები და დასასვენებელი სივრცეები, რაც ფაქტიურად ოთხსეზონიან, ლამაზ ეკო სისტემას შექმნის. პროექტის იდეა ეკუთვნის ბიძინა ივანიშვილს და მას განახორციელებს ფონდი „ქართუ“ დაახლოებით 16 მილიონი ლარის დაფინანსებით. ქალაქის ეკო სისტემის აღდგენის ეს გრძელვადიანი ინვესტიცია, ფასდაუდებელია“, - განაცხადა წილოსანმა.