15-05-2020
განათლების სფეროს ანტიკრიზისული გეგმის ფარგლებში საქართველოს განათლების მეცნიერების კულტურისა და სპორტის მინისტრმა, მიხეილ ჩხენკელმა, მეცნიერების მიმართულებითაც ისაუბრა და ხაზი გაუსვა ქართული მეცნიერების როლს პანდემიასთან ბრძოლის პროცესში.
მიხეილ ჩხენკელი: „ფუნდამენტური და კვლევითი მეცნიერების მნიშვნელობა პანდემიასთან ბრძოლაში ყველასთვის ცხადი გახდა, რადგანაც ამ გამოწვევას, პირველ რიგში, მეცნიერები დაამარცხებენ.“
მინისტრის თქმით, ქართველ მეცნიერთა ჯგუფი მონაწილეობს პანდემიის პრევენციის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ მხარდაჭერილ საერთაშორისო ინტერდისციპლინურ პროექტში „საქართველოს რეალობა: სამეცნიერო კვლევების მდგრადობა COVID-19 პანდემიის დროს“, რომლის მიზანია მსოფლიო სამეცნიერო წრეების კონსოლიდირებული ინტერდისციპლინური კვლევების განხორციელების ხელშეწყობა. პროექტის ფარგლებში მოპოვებული მონაცემები და დასკვნები იქნება განსაკუთრებულად მნიშვნელოვანი არამხოლოდ ამჟამინდელი ქართული რეალობისათვის, არამედ ხაზს გაუსვამს მულტიდისციპლინური კვლევების მდგრადობის აუცილებლობას პანდემიების და სხვა კრიტიკული გამოწვევების დროს.
ქვეყანაში შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე რამდენიმე სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტი აქტიურად ჩაერთო COVID-19-ის პრევენციული ღონისძიებებისთვის საჭირო პროდუქციის წარმოებაში.
მიხეილ ჩხენკელმა თავის გამოსვლაში, ასვევე, ხაზი გაუსვა UNESCO-ს მიერ ორგანიზებულ ონლაინ მინისტერიალში „COVID-19 და ღია მეცნიერება“ მონაწილეობის მნიშვნელობას, რომლის მიზანს ახალი კორონავირუსის გავრცელების თავიდან აცილების ეფექტიან გზებზე მსჯელობა და ამ მიმართულებით სხვადასხვა ქვეყნების გამოცდილების გაზიარება წარმოადგენდა.
მინისტრმა აღნიშნა, რომ პანდემიის მიუხედავად, გრძელდება ქართული მეცნიერების განვითარების ხელშეწყობა. ევროკავშირის კვლევისა და ინოვაციის ჩარჩო პროგრამის “Horizon 2020” მარი სკლოდოვსკა-კიურის მიმართულების კონკურსზე „ევროპელ მკვლევართა ღამე“ საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მიერ წარდგენილმა პროექტმა “CAPTAIN: Science is the Captain” გაიმარჯვა და 197 500 ევროს ღირებულების გრანტი მოიპოვა.
პროექტის ფარგლებში, 2020 წლის შემოდგომაზე საქართველოს 6 ქალაქში ევროპის ქალაქებთან ერთად ფართომასშტაბიანი ღონისძიებები გაიმართება, რომლებიც სახალისო, გასართობი, კულტურული, სპორტული და, რაც მთავარია, შემეცნებითი აქტივობების ჩატარებას გულისხმობს და მეცნიერების პოპულარიზაციას ისახავს მიზნად.
გარდა ამისა, შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის მიერ დაფინანსებული საგრანტო პროექტებისთვის გახანგრძლივდა 2020 წლისთვის განსაზღვრული საანგარიშო პერიოდები.