გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
პაატა იმნაძე: შემოდგომის ბოლოდან მეორე ძლიერ ტალღას ველით, ზამთარში კი ეს ვირუსი ძალიან გააქტიურდება

18-05-2020

შემოდგომის ბოლოდან კორონავირუსის მეორე ძლიერ ტალღას ველით, ამის ალბათობა დიდია, ზამთარში კი ეს ვირუსი ძალიან გააქტიურდება, - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილემ, პაატა იმნაძემ „კვირის პალიტრასთან“ ინტერვიუში განაცხადა.

მისი თქმით, კორონავირუსი კიდევ ერთი წელი მაინც იქნება. „ხალხს ჰგონია, რომ კორონა დამთავრდა, მაგრამ ის არსად წასულა, კვლავ ჩვენთან არის, ერთი წელი მაინც. შემოდგომის ბოლოდან მეორე ძლიერ ტალღას ველით, ამის ალბათობა დიდია, ზამთარში კი ეს ვირუსი ძალიან გააქტიურდება. ვიცხოვროთ კორონასთან ერთად. სოციალური დისტანცირება, დიდი თავყრილობებისთვის თავის არიდება, ხელების ჰიგიენა და ნიღაბი - აი, ასეთია კორონასთან ერთად ცხოვრების წესი. თუ წესებს დავიცავთ, ზაფხულში ვირუსი ნაკლებად აქტიური იქნება“, - განმარტა პაატა იმნაძემ.

მისივე თქმით, ინფექციონისტები კორონავირუსის მეორე ტალღას ნოემბრის ბოლოდან ელოდებიან. მანვე აღნიშნა, რომ არა მარტო მესამე, არამედ, შესაძლოა, მეოთხე ტალღაც იყოს, თუმცა იმნაძე იმედოვნებს, რომ მანამდე ან ვაქცინა შეიქმნება, ან - ეფექტიანი ანტივირუსული პრეპარატი.

საერთო ჯამში საქართველოში კორონავირუსი 701 ადამიანს დაუდასტურდა, აქედან 432 უკვე გამოჯანმრთელდა. კარანტინის რეჟიმშია 3890 ადამიანი, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ კი - 357. ინფექციას სულ 12 ადამიანი ემსხვერპლა.

ვირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა ქვეყანაში 2020 წლის 26 თებერვალს დადასტურდა. 21 მარტს საქართველოში საგანგებო მდგომარეობა ამოქმედდა, 31 მარტიდან კი - საყოველთაო კარანტინის რეჟიმი.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით.

21 იანვარს ჩინეთმა დაადასტურა, რომ კორონავირუსი გადამდებია. მომხდარის გამო ქვეყნის ორ ქალაქში კარანტინი გამოცხადდა.

imedinews.ge

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930