18-05-2020
ყველა ახალი პაციენტის ინფიცირების წყარო ცნობილია - ამის შესახებ ჟურნალისტებს ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა, მარინა ეზუგბაიამ განუცხადა.
„გვყავდა 635 დადასტურებული შემთხვევა, გუშინ დაგვემატა 6. გამოჯანმრთელებულების რიცხვი იყო 425, დაგვემატა 7 და არის 432. დღეისათვის კოვიდ ცენტრებში მკურნალობს 357 დადასტურებული პაციენტი. გამოჯანმრთელებულებსა და მკურნალობაზე მყოფ პაციენტებს შორის საკმაოდ სოლიდური სხვაობაა. 187-ით სჭარბობს უკვე გამოჯანმრთელებულების რაოდენობა ამჟამად მკურნალობაზე მყოფ პაციენტებს. 6 ახალი შემთხვევიდან 3 არის ცნობილი ბოლნისის წყარო. დანარჩენი სამი არის ზუგდიდში დადასტურებულის კონტაქტები“, - განაცხადა ეზუგბაიამ.
მისი განმარტებით, ახალი შემთხვევებიდან ინფექციურ საავადმყოფოში მხოლოდ ერთი პაციენტი მოთავსდა და ამ ეტაპზე კლინიკაში 31 დადასტურებული კოვიდ ინფიცირებული მკურნალობს.
„კრიტიკული გვყავდა მხოლოდ ერთი და მას ახლა მძიმე ინტენსიურ პაციენტად მოვიხსენიებთ, რადგან ჯერჯერობით კვლავ, შემცირებულად, მაგრამ მაინც მოიხმარს ჟანგბადს. მისი მდგომარეობა კვლავ ინტენსიური სიმძიმით ფასდება. გვყავს ერთი პაციენტი მძიმე პნევმონიით, თუმცა მისი მდგომარეობა დინამიკაში დასტაბილურებულია და აღარ პროგრესირებს. დანარჩენი პაციენტების ძირითადი რაოდენობა საშუალო სიმძიმის არის“, - განაცხადა ეზუგბაიამ.
საქართველოში კორონავირუსი 701 ადამიანს დაუდასტურდა, აქედან 432 უკვე გამოჯანმრთელდა. კარანტინის რეჟიმშია 3822 ადამიანი, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ კი - 360. ინფექციას სულ 12 ადამიანი ემსხვერპლა.
ვირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა ქვეყანაში 2020 წლის 26 თებერვალს დადასტურდა. 21 მარტს საქართველოში საგანგებო მდგომარეობა ამოქმედდა, 31 მარტიდან კი - საყოველთაო კარანტინის რეჟიმი.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით.
21 იანვარს ჩინეთმა დაადასტურა, რომ კორონავირუსი გადამდებია. მომხდარის გამო ქვეყნის ორ ქალაქში კარანტინი გამოცხადდა.