26-05-2020
„მე არა მგონია, რომ სიმწვავე უნდა აკლდეს ოპოზიციის შეკითხვებს, პირიქით, მწვავეც უნდა იყოს და საქმიანიც, მაგრამ ეს სურვილები და ეს ოცნებები უკვე დიდი ხანია ჩავაბარეთ წარსულს, იმიტომ, რომ დიდი ხანია არის მცდელობა, რომ პოლიტიკური ხასიათის ცირკი მოეწყოს და ქულები და დივიდენდები ჩაიწერონ“,-ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ გიორგი ვოლსკიმ ტელეკომპანია „რუსთავი-2“-ის ეთერში განაცხადა.
გიორგი ვოლსკის განცხადებით, მოხსენებაში, რომლითაც ხვალ, პრემიერი პარლამენტის წინაშე წარსდგება ყველა მნიშვნელოვან თემაზე იქნება აქცენტი გაკეთებული და მმართველი გუნდის შეკითხვებიც შეეხება ყველა იმ თემას, რაც საზოგადოებას აინტერესებს.
„პრემიერის მოხსენებაში ძირითადი აქცენტები იქნება გაკეთებული. რასაკვირველია, მთავარ თემად რჩება კოვიდ-19-ის წინააღმდეგ ბრძოლის საკითხები, ეკონომიკური სფერო, ჯანდაცვვის სფერო,ეს არის თემები, რაზეც ჩვენც გვექნება საუბარი. ჩვენ შევეხებით ყველა იმ საკითხი, რომელიც საზოგადოებას აინტერესებს, დახმარებებთან, ეკონომიკის გახსნასთან დაკავშირებით. თუ რა მოცულობის დახმარებებია, როგორ იქნება ორგანიზებული და რა ინტენსივობით მიმდინარეობს დღეს. სოფლის მეურნეობის საკითხებიც საინტერესოა, რამდენად ძლიერად არის ჩამოყალიბებული ის პროგრამა და როგორ ხორციელდება, რომელიც შიდა წარმოების გაზრდას გულისხმობს. ეს არ არის გარკვეული პერიოდის პრობლემა. ზოგადად კარგი ტენდენციებია სოფლის მეურნეობის დარგში და ამ ტენდენციებს უნდა სწრაფი და ინტენსიური განვითარება“,-განაცხადა გიორგი ვოლსკიმ.