26-03-2018
დღეს გურამ დოჩანაშვილის დაბადების დღეა. თანამედროვე ქართველი კლასიკოსი მწერალი 1939 წელს თბილისში დაიბადა და დღეს მას 79 წელი შეუსრულდა.
1957 წელს ანტისაბჭოთა საქმიანობისათვის 3-წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს, რაც მალე პირობითი სასჯელით შეუცვალეს. 1959 წელს შეუერთდა არალეგალური პატრიოტული ორგანიზაცია "გორგასლიანს“.
1962 წელს დაამთავრა თსუ-ის ისტორიის ფაკულტეტი. მწერლის ცხოვრებაში განსაკუთრებული და მნიშვნელოვანი იყო 1966 წელი, რადგან გამოიცა პირველი წიგნი "მთის გადაღმა.“ 1968 წელს გურამ დოჩანაშვილი მწერალთა კავშირში მიიღეს.
გურამ დოჩანაშვილის პირველი მოთხრობები დაიბეჭდა ჟურნალ „ცისკარში“ 1961 წელს. მწერალი არის ლიტერატურული პრემია - "საბას" ლაურეატი ნომინაციაში - "ლიტერატურის განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის."
გურამ დოჩანაშვილის უმნიშვნელოვანესი ნაწარმოებებია: ''სამოსელი პირველი'', ''კაცი რომელსაც ლიტერატურა ძლიერ უყვარდა'', ''იგი სიყვარულისთვის იყო გაჩენილი, ანუ გრიშა და მთავარი'', ''ერთი რამის სიყვარული, დაფარვა რომ სჭირდება, ანუ მესამე ძმა კეჟერაძე'', ''ვატერ(პო)ლოო ანუ აღდგენითი სამუშაოები'' და სხვა.
გურამ დოჩანაშვილის შემოქმედება თარგმნილია მრავალ ენაზე, მისი ნაწარმოებები საფუძვლად დაედო ცნობილ კინოფილმებსა და ტელესპექტაკლებს.