გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
„დოპელმაიერის“ საბაგიროებზე მომუშავე პერსონალი გადამზადდება

29-03-2018

ეკონომიკის სამინისტროს მოწვევით, უახლოეს დღეებში საქართველოში კიდევ ერთხელ ჩამოვლენ „დოპელმაიერის“ ექსპერტ-ინსტრუქტორები და დამატებით შეამოწმებენ მათ მიერ დამონტაჟებულ ყველა საბაგიროს ჰაწვალზე, გოდერძიზე, ბაკურიანსა და გუდაურში.


ამის შესახებ ცნობილი გახდა პირველი ვიცე-პრემიერის, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის, დიმიტრი ქუმსიშვილისა და ავსტრიული კომპანია „დოპელმაიერის“ წარმომადგენლის ვალერი იაშინის შეხვედრაზე, რომელსაც ეკონომიკის მინისტრის მოადგილე გენადი არველაძე და სამინისტროს „მთის კურორტების განვითარების კომპანიის“ ხელმძღვანელი ალექსანდრე ონოფრიშვილი ესწრებოდნენ.


როგორც შეხვედრაზე აღნიშნა, ყველა თანამშრომელი, რომელიც „დოპელმაიერის“ საბაგიროზე ოპერირებს, სათანადოდ არის მომზადებული, თუმცა, გუდაურში მომხდარი შემთხვევიდან გამომდინარე, ისინი დამატებით საქართველოშივე გაივლიან გადამზადების კურსს.


პრაქტიკული გადამზადების პროცესში, რომელიც გულისხმობს ექსტრემალურ სიტუაციაში შესაბამის ქმედებებს, გამოიყენებენ სპეციალურ სიმულატორს, რომელსაც „დოპელმაიერი“ ჩამოიტანს. ასევე, ყველა გადამზადებულს გადაეცემა შესაბამისი სერტიფიკატი.


შეხვედრაზე თქვა, რომ არსებული კადრების გადამზადებასთან ერთად, უნდა მოხდეს ახალი კადრების მომზადებაც, რომელთა სერტიფიცირების პროცესში სახელმწიფოც ჩაერთვება.


მხარეები ასევე შეთანხმდნენ, რომ საერთაშორისო პრაქტიკის მსგავსად, მოხდება მსოფლიოში აღიარებული კომპანიების გამოცდილების გაზიარება იმისთვის, თუ რა ტიპის ინსპექტირება უნდა განხორციელდეს საბაგიროებზე ახალი მიდგომების შესაბამისად. როგორც „დოპელმაიერის“ წარმომადგენლებმა აღნიშნეს, ეს არის მსოფლიო პრაქტიკა და ამ გამოცდილების საქართველოში გაზიარება იქნება საკმაოდ მნიშვნელოვანი უსაფრთხოების კიდევ უფრო მაღალი სტანდარტების დასანერგად.


გარდა ამისა, ქართული მხარის მოწვევით, მიმდინარე წლის აპრილში საქართველოში ასევე ჩამოვლენ კომპანია „ლაიტნერის“ წარმომადგენლებიც, რომლებიც შეამოწმებენ ბაკურიანსა და მესტიაში მათ მიერ დამონტაჟებულ საბაგიროებს და „დოპელმაიერის“ მსგავსად, კიდევ ერთხელ გადაამზადებენ მათ მომსახურე პერსონალს. ქართული მხარის ინიციატივით, ასევე იგეგმება „პომას“ წარმომადგენლების ვიზიტიც, რომელთა დამონტაჟებული საბაგიროებიც მუშაობს გუდაურსა და მესტიაში.


ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    აპრილი 2024    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930