გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ირაკლი კობახიძე: საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ პარტია „ქართული ოცნების“ რეფორმირებაა დაგეგმილი

31-03-2018

“ჩვენ ვახერხებთ იმ მთავარი მიღწევის შენარჩუნებას, რომელიც გვაქვს 2012 წლიდან - ეს არის დემოკრატია, თავისუფლება, ადამიანის უფლებების განუხრელი დაცვა და ჩვენ არა მარტო ვინარჩუნებთ მიღწეულ შედეგს, არამედ, ვმუშაობთ იმაზე, რომ კიდევ უფრო განვამტკიცოთ ეს შედეგი“,-ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ მცხეთაში, „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ რეგიონულ კონფერენციაზე განაცხადა.


სიტყვით გამოსვლისას პარტიის აღმასრულებელმა მდივანმა განაცხადა, რომ სწორედ ბიძინა ივანიშვილის ხელმძღვანელობითა და მოქალაქეთა თანადგომის გახდა შესაძლებელი რეჟიმის შეცვლა და დემოკრატიული მმართველობის დამკვიდრება.


„ მაშინ, როდესაც ბატონმა ბიძინა ივანიშვილმა გააკეთა განაცხადი პოლიტიკაში მოსვლის თაობაზე, ბევრს არ სჯეროდა, რომ შესაძლებელი გახდებოდა მაშინდელი რეჟიმის შეცვლა და დემოკრატიული მმართველობის დამკვიდრება, თუმცა ბატონი ბიძინა ივანიშვილის ხელმძღვანელობით და თითოელი თქვენგანის თანადგომით ეს მიზანი მიღწეულია და ეს ყველაფერი გახდა შესაძლებელი და ახლა თქვენი დამსახურებით ქვეყანა აგრძელებს წინსვლას ყველა მიმართულით. ჩვენ ვახერხებთ იმ მთავარი მიღწევის შენარჩუნებას, რომელიც გვაქვს 2012 წლიდან, ეს არის, რა თქმა უნდა, დემოკრატია, ეს არის თავისუფლება, ეს არის ადამიანის უფლებების განუხრელი დაცვა და ჩვენ არა მარტო ვინარჩუნებთ მიღწეულ შედეგს, არამედ, ვმუშაობთ იმაზე, რომ კიდევ უფრო განვამტკიცოთ ეს შედეგი“,- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.


პარლამენტის თავმჯდომარემ აღნიშნა, რომ საქართველოს რეგიონში ეკონომიკური ზრდის ერთ-ერთი ყველაზე მაღალი მაჩვენებელი ჰქონდა, რაც „ქართული ოცნების“ კარგად გააზრებული ეკონომიკური პოლიტიკის შედეგია. მისივე თქმით, ასევე „ქართული ოცნების“ კარგად გააზრებული, რაციონალური და პრაგმატული პოლიტიკის შედეგია პოლიტიკური სტაბილურობის ძალიან მაღალი ხარისხი.


როგორც სიტყვით გამოსვლისას ირაკლი კობახიძემ განაცხადა, პირნათლად შესრულდა ის დაპირებები, რომლებიც 2 წლის წინ პარტიის ხელმძღვანელობამ გასცა.


„მაშინ ვსაუბრობდით ჩვენ იმაზე, რომ უნდა გაძლიერებულიყო პარტიის ცენტრალური აპარატი, მათ შორის განსაკუთრებული ყურადღება ეთმობოდა რეგიონული სამსახურის გაძლიერებას და ეს მიზანი იქნა მიღწეული. ასევე, ჩვენ გადავახალისეთ და გავაძლიერეთ პარტიის ადგილობრივი ორგანიზაციები, რის შედეგადაც პარტია უკეთესად მოემზადა საპარლამენტო არჩევნებისთვის და ამ არჩევნებს შეხვდა სათანადოდ მომზადებული. ასევე, განახლდა პარტიის პოლიტიკური გუნდი. არჩეულ იქნა ახალი თავმჯდომარე ყრილობის შედეგად, ასევე, „ქართული ოცნება“ წარსდგა განახლებული გუნდით საპარლამენტო არჩევნებში, რაც გახდა ჩვენი საარჩევნო წარმატების ერთ-ერთი მთავარი მიზეზი.ასევე, აღმოჩნდა, რომ დაიშალა კოალიცია „ქართული ოცნება“ და პარტიამ არჩევნებში მონაწილეობა მიიღო დამოუკიდებლად, რაც ასევე გახდა ჩვენი წარმატების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საწინდარი. და შედეგად, ჩვენ ძალიან კარგად დაგეგმილი წინასაარჩევნო კამპანიის და რაც მთავარია, მოსახლეობის თანადგომის, მოვახერხეთ და მოვიპოვეთ დამაჯერებელი გამარჯვება 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებში. ჩვენ მაშინ გავეცით დაპირება, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ ამ არჩევნების შემდეგ აღარ იქნებოდა საფრთხე ქართული დემოკრატიისთვის და მნიშვნელოვანია, რომ ეს დაპირება პირნათლად იქნა შესრულებული. ასევე, მინდა, ცალკე ხაზგასმით აღვნიშნო მცხეთაში ჩვენი გამარჯვება, ბატონი დიმიტრი ხუნდაძის გამარჯვება. მაჟორიტარულ არჩევნებში ამ გამარჯვებამ დაამტკიცა, რომ არჩევნებს იგებს არა ფული, არამედ იგებს კომპეტენტურობა, იგებს გაკეთებული საქმეები და ზუსტად ეს გამოაჩინა იმ არჩევნებმა, რომელშიც ჩვენ გავიმარჯვეთ კონკრეტულად მცხეთის მუნიციპალიტეტში.


ასევე, მინდა აღვნიშნო, რომ ზუსტად ამ პარტიული რეფორმების შედეგად, ჩვენ 2017 წელს მოვიპოვეთ დამაჯერებელი გამარჯვება ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში და მცხეთაში დღეს არის უზრუნველყოფილი ყველა ფუნქციის სათანადოდ განხორციელება მუნიციპალიტეტის მიერ და დღეს მუნიციპალიტეტი სათანადოდ და შეუფერხებლად ემსახურება თავის მოსახლეობას. ეს იყო ის გაცემული დაპირებები, რომლებიც გასული 2 წლის განმავლობაში შესრულდა, და ბუნებრივია, ამ დაპირებების შესრულება იქნებოდა შეუძლებელი ჩვენი ერთად დგომის გარეშე და მინდა, კიდევ ერთხელ, მადლობა გადაგიხადოთ თქვენი თანადგომისთვის“,- განაცხადა პარტიის აღმასრულებელმა მდივანმა.


ირაკლი კობახიძის თქმით, ის დარწმუნებულია რომ მმართველი პარტია დიდი უპირატესობით გაიმარჯვებს საპრეზიდენტო არჩევნებშიც. პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებით, საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ პარტიის რეფორმირების მეორე ტალღაა დაგეგმილი, რომელიც „ქართულ ოცნებას“ საბოლოოდ ჩამოაყალიბებს ევროპული ტიპის პოლიტიკურ გაერთიანებად.


„ჩვენ წინ გველის ახლა ძალიან მნიშნვნელოვანი საპრეზიდენტო არჩევნები და დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენი ერთად დგომით, ჩვენ ამ შემთხვევაშიც მოვიპოვებთ ასევე ძალიან დიდ წარმატებას და დიდი უპირატესობით გავიმარჯვებთ. საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ დაგეგმილი გვაქვს პარტიის რეფორმირების მეორე ტალღის დაწყება, რის შედეგადაც „ქართული ოცნება“ საბოლოოდ უნდა ჩამოყალიბდეს, როგორც ევროპული ტიპის პოლიტიკური გაერთიანება, რომელიც არა მარტო არჩევნების დროს აქტიურდება, არამედ უზრუნველყოფს არჩევნებიდან არჩევნებამდე პერიოდშიც პოლიტიკური პროცესების დაგეგმვას და ამ პროცესების მართვას. კიდევ ერთხელ მინდა აღვნიშნო, რომ ჩვენი ქვეყნის წარმატება და ასევე, პარტიის წარმატება არის თითოეული თქვენგანის დამსახურება და კიდევ ერთხელ, მინდა, მადლობა გადაგიხადოთ თითოეულ თქვენგანს ერთგულებისთვის. ერთად დგომის გარეშე ჩვენი წინსვლა იქნებოდა შეუძლებელი“,- მიმართა დამსწრეებს პარტიის აღმასრულებელმა მდივანმა.


ირაკლი კობახიძის განცხადებით, წარმატებების მიუხედავად, არსებობს მნიშვნელოვანი გამოწვევებიც, რომელთა დაძლევას, მისი თქმით, ერთად დგომა და მუხლჩაუხრელი შრომა სჭირდება. „ მიუხედავად წარმატებებისა, რა თქმა უნდა, რჩება ძალიან მნიშვნელოვანი გამოწვევები ჩვენი ქვეყნის წინაშე, ჩვენი საზოგადოების წინაშე. ქართული ეკონომიკა საჭიროებს რა თქმა უნდა, შემდგომ განვითარებას და გაძლიერებას. ჯერ კიდევ მრავალი ოჯახია საქართველოში, მათ შორის, მცხეთის მუნიციპალიტეტში, რომელიც სიღარიბის ზღვარს მიღმა ცხოვრობს. ჯერ კიდევ ვერ ვახერხებთ სამწუხაროდ, შეზღუდული რესურსების გამო ყველა მოქალაქის უზრუნველყოფას ცხოვრების ღირსეული პირობებით. ასევე, ჩვენი ტერიტორიული მთლიანობა არის სამწუხაროდ, კვლავაც დარღვეული. ჩვენი მთავარი საგარეო პოლიტიკური მიზნები ჯერ კიდევ არ არის მიღწეული და რა თქმა უნდა, ეს არ ის პრობლემები, რომელთა დაძლევას ესაჭიროება თითოეული ჩვენგანის მუხლჩაუხრელი შრომა, ჩვენი ერთად დგომა და მე დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენი ერთად დგომით ჩვენ ამ დასახულ მიზნებს აუცილებლად მივაღწევთ“,- განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ სიტყვით გამოსვლისას.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    აპრილი 2024    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930