2-07-2020
საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ევროკავშირის მონიტორინგის მისიის (EUMM) ახალდანიშნულ ხელმძღვანელს თავდაცვის უწყებაში უმასპინძლა. გაცნობით შეხვედრაზე ირაკლი ღარიბაშვილმა მარეკ შჩიგელს ახალ თანამდებობაზე დანიშვნა მიულოცა და წარმატებები უსურვა. მხარეებმა ევროკავშირის მონიტორინგის მისიასა და საქართველოს თავდაცვის სამინისტროს შორის თანამშრომლობის საკითხები განიხილეს. თავდაცვის მინისტრმა იმედი გამოთქვა, რომ არსებული ნაყოფიერი თანამშრომლობა მომავალში კიდევ უფრო გაძლიერდება.
შეხვედრაზე რეგიონში უსაფრთხოების კუთხით არსებულ ვითარებაზეც იმსჯელეს. ხაზგასმით აღინიშნა საქართველოში სტაბილურობის შენარჩუნებისა და ქვეყნის მშვიდობიანი განვითარების პროცესში ევროკავშირის მონიტორინგის მისიის (EUMM) როლი. ყურადღება გამახვილდა ევროკავშირის ეგიდით მიმდინარე საერთაშორისო მისიებში - ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკასა და მალიში საქართველოს კონტრიბუციაზე.
შეხვედრას ევროკავშირის მონიტორინგის მისიის ოპერაციების დეპარტამენტის უფროსი ვილ სიიკასალმი და პოლიტიკური მრჩეველი ჯორჯ სანდიც დაესწრნენ.