გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
რა არის ბუბონური შავი ჭირი – ყველაფერი ინფექციაზე, რომელსაც შავ სიკვდილს უწოდებენ

6-07-2020

ჩინეთში, შიდა მონღოლეთის ავტონომიური რეგიონის ქალაქ ბაიანურში ბუბონური შავი ჭირის შემთხვევა დაფიქსირდა. ქვეყანაში მესამე დონის განგაშია გამოცხადებული.

 

მანამდე ცნობილი გახდა, რომ მონღოლეთის ერთ პროვინციაში შავი ჭირის 2 შემთხვევა დაფიქსირდა.

რა არის ბუბონური შავი ჭირი?

 

შავი ჭირი, იგივე შავი სიკვდილი, კაცობრიობის ისტორიაში ცნობილი ერთ-ერთი ყველაზე მომაკვდინებელი ეპიდემიაა.

 

მისი გამომწვევია ბაქტერია Yersinia pestis, რომელიც ადამიანს რწყილების ან დაინფიცირებული ცხოველების ნაკბენით გადაეცემა.

 

შავი ჭირი სამ სხვადასხვა ფორმაში შეიძლება გამოვლინდეს, მათ შორის ყველაზე გავრცელებულია ბუბონური.

 

მისი სახელწოდება მისივე სიმპტომებიდან გამომდინარეობს. კერძოდ, მტკივნეული, გადიდებული ლიმფური კვანძებით, „ბუბონებით“ (ლიმფური კვანძის ანთება. ბერძნ. bubon საზარდული) – საზარდულის არეში (ზოგჯერ იღლიაში, კისერში და სხვ.) განვითარებული სხვადასხვა ეტიოლოგიისა და მიმდინარეობის ლიმფადენტის ზოგადი სახელწოდება).

 

2010-2015 წლებში მსოფლიოში ბუბონური შავი ჭირის 3,248 შემთხვევა იყო დაფიქსირებული, აქედან 584 გარდაცვალება.

 

ისტორიულად მას შავ სიკვდილსაც უწოდებენ. რადგან დაავადებამ, შესაძლოა, სხეულის სხვადასხვა ნაწილების განგრენული გაშავება გამოიწვიოს.

 

როგორია სიმპტომები?

 

ადამიანი ბუბონური შავი ჭირით ინფიცირებიდან ცუდად 2-6 დღეში ხდება. გაფართოებულ ლიმფურ კვანძებთან ერთად, რომელიც, შესაძლოა, ზოგჯერ ქათმის კვერცხის სიდიდისაც იყოს, ბუბონური შავი ჭირის სიმპტომებია – სიცხე, შემცივნება, თავის ტკივილი, დაღლილობა და კუნთების ტკივილი.]

 

შავი ჭირი ასევე აზიანებს ფილტვებს. შესაძლოა, გამოიწვიოს ხველა, გულმკერდის ტკივილი და სუნთქვის გაძნელება.

 

ბაქტერიებს ასევე შეუძლიათ სისხლში შეაღწიონ და სეფსისი გამოიწვიონ. (სეფსისი უმძიმესი ინფექციური დაავადებაა – სისხლის მოწამვლა, როდესაც გამომწვევი სისხლის მეშვეობით აღწევს სხვადასხვა ორგანოში).

 

როგორ შეიძლება ბუბონური შავი ჭირით ინფიცირება?

 

ადამიანს ის დაინფიცირებული ცხოველების ნაკბენით, ინფიცირებულ ცხოველთან შეხებით (მაგ: თაგვები) შეიძლება გადაედოს.

 

ასევე, ინფიცირებული ადამიანების ან ცხოველების მიერ გავრცელებული ინფიცირებული რესპირატორული წვეთების ინჰალაციის საშუალებით.

 

შინაური კატები და ძაღლები შეიძლება დაინფიცირდნენ რწყილის ნაკბენისგან ან ინფიცირებული მღრღნელების ჭამის შედეგად.

 

ინფექციას ორგანიზმში შეღწევა ჭრილობიდანაც შეუძლია, თუ ადამიანს ინფიცირებული ცხოველის სისხლთან მჭიდრო კონტაქტი ექნება.

 

ასევე, დაინფიცირება შესაძლებელია ინფიცირებული ადამიანის ცხედართან კონტაქტის შედეგადაც.

 

არსებობს ბუბონური შავი ჭირის სამკურნალო საშუალება?

 

აუცილებელია სასწრაფოდ მოხდეს ინფიცირებული ადამიანის ანტიბიოტიკებით მკურნალობა. დაავადება ხშირად ლეტალურად სრულდება.

 

დაავადების ადრეულმა დიაგნოსტირებამ, რომელიც სისხლის და სხვა სხეულის ნიმუშებზე ლაბორატორიულ ტესტირებას ითვალისწინებს, შესაძლოა, ადამიანის სიცოცხლე იხსნას.

 

არსებობს თუ არა ახალი პანდემიის დაწყების საშიშროება?

 

შავი ჭირის შემთხვევები მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში კვლავ არსებობს. ბოლო წლების განმავლობაში ბუბონური შავი ჭირის აფეთქებები დაფიქსირდა კონგოს დემოკრატიულ რესპუბლიკასა და მადაგასკარში.

თუმცა, წარსულისგან განსხვავებით, საბედნიეროდ, დღეს დაავადების მასშტაბები მცირეა.

 

დიდი ბრიტანეთის Southampton უნივერსიტეტის ექიმის, მეთიუ დრეიდენის განცხადებით, კარგია, რომ შავი ჭირის შემთხვევების იდენტიფიცირება ადრეულ ეტაპზე მოხდა, რადგან ასე უფრო მარტივი იქნება მისი იზოლირება, მკურნალობა და გავრცელების შეჩერება.

 

„ბუბონური ჭირი გამოწვეულია ბაქტერიით და ამიტომ, კორონავირუსისგან განსხვავებით, მას ანტიბიოტიკებით მარტივად მკურნალობენ.

 

მიუხედავად იმისა, რომ ეს ყველაფერი შემაშფოთებლად ჟღერს, ეს ერთჯერადი საეჭვო შემთხვევებია, რომელთა მკურნალობაც მარტივად შეიძლება“,- განაცხადა მან.

პრაიმტაიმი

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930