გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
მარიამ ჯაში: კულტურული მემკვიდრეობის დაცვის მიმართულებით ბოლო 30 წლის მანძილზე ყველაზე მასშტაბური პროექტები ხორციელდება

2-04-2018

საქართველოს პარლამენტში კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულის სააგენტოს ორწლიანი მუშაობის ანგარიშის პრეზენტაცია გაიმართა.

„მე გამიჭირდება შევაჯამო ყველა ის წარმატება და შედეგი, რომელიც ბოლო ორი წლის მანძილზე არის მიღწეული, მაგრამ მინდა ხაზგასმით აღნიშნო, რომ ბოლო 30 წლის მანძილზე ყველაზე მასშტაბური პროექტები ხორციელდება მიმდინარე პერიოდში საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის მიმართულებით,“- განაცხადა განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარემ, მარიამ ჯაშმა მისასალმებელ გამოსვლაში.

კომიტეტის თავმჯდომარე ღონისძიების მონაწილეებს მიესალმა კულტურული მემკვიდრეობის დაცვის მიმართულებით სამინისტროს მიერ განხორციელებული მასშტაბური პროექტების შესახებ ისაუბრა.

„231 ისტორიულ ძეგლზე უკვე დასრულდა ან სრულდება სარეაბილიტაციო საქმიანობა საქართველოს მთავრობის, კულტურის სამინისტროს და ბანკი „ქართუს“ თანადაფინანსებით. ასევე უპრეცედენტო მასშტაბი მიიღო არქეოლოგიური კვლევების პროექტებმაც. საერთო ჯამში 34 არქეოლოგიურ ექსპედიციაზე 650 ათასი ლარის დაფინანსება არის უზრუნველყოფილი. კრიტიკულ მდგომარეობაში მყოფი სახელმწიფო მნიშვნელობის ძეგლების რესტავრაცია დასრულებულია ან მიმდინარე წელს დასრულდება.
მიმდინარეობს სარეაბილიტაციო პროექტები ყველაზე კრიტიკულ მდგომარეობაში მყოფი სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ძეგლებზე - აწყურის, გელათის, კუმურდოს, ნიკორწმინდის, თბილისის მეტეხის, ატენის სიონის, ანჩისხატის, მცხეთის მცირე ჯვრისა და სხვა ტაძრებსა და სამონასტრო კომპლექსებზე. სრულად არის რეაბილიტირებული ნოღას ციხე და სრულდება გეგუთის სამეფო სასახლისა და ნოქალაქევის ისტორიულ ტერიტორიაზე რესტავრაცია-კონსერვაცია და არქეოლოგიური შესწავლა. მეტწილად დასრულებულია ვარძიის გადაუდებელი გამაგრებითი პროცესი და სრულადაა რესტავრირებული 2016 წელს ხანძრის შედეგად დაზიანებული ვარძიის ღვთისმშობლის მიძინების ტაძრის უნიკალური კედლის მხატვრობა.
2 მეზობელ სახელმწიფოსთან - თურქეთთან და სომხეთთან ზიარი კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებზე ზრუნვის შესახებ ხელშეკრულებების საფუძველზე, დარგის სპეციალისტები უკვე შეუდგნენ ერთობლივ მუშაობას.
განსაკუთრებული წარმატებები იქნა მიღწეული საერთაშორისო ასპარეზზე. მხოლოდ მცხეთის და გელათის დაბრუნება იუნესკოს კულტურული მემკვიდრეობის ძირითად ნუსხაში იქნებოდა საკმარისი იმისთვის, რომ ჩვენი კულტურის უწყება ყოფილიყო წარმატებული ბოლო პერიოდში. ასევე მნიშვნელოვანია, რომ UNESCO-ს მსოფლიო მემკვიდრეობის ძირითად ნუსხაში დაბრუნდა მცხეთის ისტორიული ძეგლები და გელათის მონასტერი.
იუნესკოს მიერ ქართული ანბანის აღიარება ასევე ისტორიული და საამაყო მოვლენა იყო 2016 წლის ბოლოს და ჩვენ კიდევ არა ერთი მატერიალური დაარამატერიალური კულტურული ძეგლების აღიარების პროცესში ვართ იუნესკოს და საერთაშორისო ექსპერტების მხრიდან და დიდი იმედი გვაქვს, რომ წელს ასევეგვექნება არაერთი მნიშვნელოვანი წარმატება.
ეს უაღრესად დიდი მიღწევა იყო და მინდა მადლობა გადავუხადო თითოეულ ადამიანს, ვინც იყო ჩართული ამ უაღრესად რთულ პროცესში“-განაცხადა ჯაშმა.

მარიამ ჯაშმა უახლოეს პერიოდში კულტურული მემკვიდრეობის დაცვის მიმართულებით არსებულ გეგმებზეც გაამახვილა ყურადღება. მისი განცხადებით, მიმდინარე წელს სააგენტოს მუზეუმების სიას გრაკლიანის არქეოლოგიური საიტის თანამედროვე მუზეუმიც შეემატება, სოფელი ჩაჟაში და მუცო უახლოეს 2 წელიწადში სრულად დაიბრუნებენ ავთენტურ იერსახეს. რეკონსტრუქცია უტარდება დადიანების სასახლესა და მიმდებარე ტერიტორიას ენგურჰესის თაღოვანი კაშხლის მიმდებარე ტერიტორიის უნიკალურ ტურისტულ ზონად ქცევის პროცესი აქტიურ ფაზაშია შესული.

მარიამ ჯაშმა საქართველოს მთავრობას, კულტურისა და სპორტის სამინისტროს, საერთაშორისო ორგანიზაციებსა და ბიზნეს კომპანიებს გაწეული საქმიანობისთვის მადლობა გადაუხადა.

„მინდა განსაკუთრებულად დიდი მადლობა გადავუხადო უდიდესი ინვესტიციისა და თანადგომისთვის საქართველოს მთავრობას, კულტურისა და სპორტის სამინისტროს, ყველა საერთაშორისო ორგანიზაციას, რომლებიც არიან ჩართული ჩვენი ძეგლების რეაბილიტაციის, რესტავრაციისა და შესწავლის პროცესში. ასევე მისასალმებელია მზარდი რიცხვი ბიზნეს კომპანიებისა, რომლებიც ხელს უწყობენ ჩვენი კულტურული მემკვიდრეობის დაცვის საქმეს. ბუნებრივია, განსაკუთრებული მადლობა ეკუთვნის თავად კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს, მის ხელმძღვანელს და თითოეულ თანამშრომელს, თითოეულ ქართველ და უცხოელ ექსპერტს, რომლებიც განსაკუთრებით უფრთხილდებიან და იცავენ ჩვენი ისტორიის ნაკვალევს და საკუთარი კვლევებით, ექსპედიციებითა თუ აღმოჩენებით უდიდესი სიამაყის საფუძველს გვაძლევენ“,-განაცხადა მარიამ ჯაშმა.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    აპრილი 2024    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930