7-07-2020
14 ივნისის შემდეგ COVID19-ის შიდა გადაცემის ფაქტი არ ყოფილა, სწორედ ეს გახდა მიზეზი, რომ გარკევულ შეღავათებს ვაწესებთ, ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა მარნეულში ჟურნალისტებს განუცხადა.
მისი თქმით, აქედან გამომდინარე მიღებულია სწორედ ის გადაწყვეტილებები, რის შედეგადაც დღეს იხსნება აუზები და ფიტნეს დარბაზები.
დღეიდან შრომის ინსპექტირების სამსახური შეამოწმებს სპორტდარბაზებსა და საცურაო აუზებს, აკმაყოფილებენ თუ არა იმ პირობებს, რომლებიც მათ ჯანდაცვის სამინისტრომ დაუწესა.
ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსი სულ 958 ადამიანს დაუდასტურდა, მათ შორის გამოჯანმრთელებულია - 838, გარდაცვლილი - 15.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით.
21 იანვარს ჩინეთმა დაადასტურა, რომ კორონავირუსი გადამდებია. მომხდარის გამო ქვეყნის ორ ქალაქში კარანტინი გამოცხადდა.