გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები უცხოური პრესა
«Radio Voice of America» (აშშ): რუსეთის საგარეო პოლიტიკა პუტინის პრეზიდენტად არჩევის შემდეგ-რას უნდა ელოდოს თბილისი?

3-04-2018


ვლადიმირ პუტინის პრეზიდენტობის მეოთხე ვადა დიპლომატიური კრიზისით დაიწყო. ცოტა ხნის წინ, ბრიტანეთმა მოსკოვს ყოფილი ორმაგი აგენტის სერგეი სკრიპალის ნერვული აგენტით მოწამვლაში დასდო ბრალი, რის შემდეგაც ლონდონთან სოლიდარობის ნიშნად დასავლეთის ქვეყნებმა, ჯამში, 140 რუსი დიპლომატი გააძევეს. პასუხად მოსკოვმა ამერიკის საელჩოს 60 თანამშრომელს ქვეყნის დატოვება მოსთხოვა და სანქტ-პეტერბურგში შეერთებული შტატების საკონსულო დახურა. ეს კიდევ ერთი დასტურია იმის, რომ აშშ-სა და რუსეთს შორის ურთიერთობები, ცივი ომის შემდეგ, ყველაზე დაბალ ნიშნულზეა. დასავლეთის ერთიანმა პასუხმა მოსკოვი იზოლაციაში მოაქცია.


ვაშინგტონში „გერმანიის მარშალის ფონდში“ ისაუბრეს იმაზე, თუ როგორი იქნება მოსკოვის საპასუხო ნაბიჯი დასავლეთის უპრეცედენტო ერთიან ქმედებაზე და გააგრძელებს თუ არა ვლადიმერ პუტინი აგრესიულ პოლიტიკას რუსეთის სამეზობლოსა და მის მიღმა მომდევნო ექვსი წლის განმავლობაში.


როგორც სტივენ კაილი („გერმანიის მარშალის ფონდი“) ამბობს, „მომავალი ექვი წლის მანძილზე ჩვენ ვიხილავთ რუსეთს, რომელიც არსებული საერთაშორისო წყობის წესების წინააღმდეგ წასვლით, გეოპოლიტიკური რეალობის შეცვლას ეცდება“. იმაზე, თუ რა გავლენა ექნება ამერიკა-რუსეთის ურთიერთობას ამერიკის პოლიტიკაზე საქართველოსთან და უკრაინასთან დაკავშირებით, სტივენ კაილი აღნიშნავს, რომ ვაშინგტონის მხრიდან დღემდე გადადგმული ნაბიჯები იმედისმომცემია: „გასულ წელს, ჩვენ ამ მხრივ გადადგუმული ნაბიჯები ვიხილეთ. უკრაინამ და საქართველომ „ჯაველინების“ მიღებაზე თანხმობა მიიღეს. თანამშრომლობა გაღრმავდა. სად მივალთ, საბოლოო ჯამში, ღია კითხვაა, თუმცა ამერიკა ამ ქვეყნებს ხედავს, როგორც მნიშვნელოვან პარტნიორებს" - ამბობს სტივენ კაილი.


მიმომხილველები ფიქრობენ, რომ საქართველოსთვის მოცემულობა არ შეიცვლება. თუმცა ასევე მიაჩნიათ, რომ თბილისმა მჭიდროდ უნდა ითანამშრომლოს დასავლეთთან, რათა მოსკოვმა არ ჩათვალოს, რომ მას შეუძლია დასავლეთის მოდუნებული ყურადღებით ისარგებლოს.


როგორც ვაშინგტონის „ახლო აღმოსავლეთის პოლიტიკის ინსტიტუტის“ მკვლევარმა ანა ბორჩევსკაიამ აღნიშნა, დღეს საქართველოზე ნაკლებს საუბრობენ ვიდრე უკრაინაზე. თუ დასავლეთი ყურადღებას მოადუნებს, შესაძლოა ვლადიმერ პუტინმა საქართველოში პროვოკაციული ნაბიჯები გადადგას „მშვიდობისმყოფელის“ ნიღბით. „საინტერესოა, რომ საქართველოზე იმდენს არ ვსაუბრობთ, რამდენსაც უკრაინაზე. უკრაინისთვის ლეტალური იარაღის მიცემა იყო დებატების საგანი, თუმცა ამის პარალელურად საქართველოს განხილვა არ ხდება. თუ დასავლეთი ყურადღებას მოადუნებს, შესაძლოა ვლადიმერ პუტინმა [საქართველოში] რაიმეს გაკეთება სცადოს, „მშვიდობისმყოფელის“ ნიღბით… პუტინი თავის მხრივ ეცდება, სადაც შეუძლია, ზეწოლა განახორციელოს და მოახდინოს სიტუაციის ეკალაცია. თუმცა, ეს არაა მთავარი. მთავარია როგორ უპასუხებს მას დასავლეთი, გაუწევს თუ არა დასავლეთი მეტ წინააღმდეგობას პუტინს“ - თქვა ანა ბორჩევსკაიამ.


ტაფტის უნივერსიტეტის პროფესორს კრის მილერს კი მიაჩნია, რომ რუსეთის გავლენა რეგიონში უკანასკნელი 25 წლის მანძილზე რეალურად შემცირდა და დღეს მოსკოვი თავისი მიზნების მოღწევის გზაზე დაბრკოლებებს აწყდება. „რუსეთისთვის ხელსაყრელია ისეთი სიტუაცია საქართველოში და მის მიღმა, როცა მას აქვს სრული გავლენა და შეუძლია საკუთარი ინტერესების გატარება. დღეს, ვფიქრობ, ამისგან შორს ვართ და პირიქით, რუსეთის გავლენის შემცირების ტენდენცია გამოიკვეთება. საქართველოს ბევრი საერთაშორისო პარტნიორი ყავს, არამხოლოდ ევროკავშირი და ამერიკა, არამედ ჩინეთიც. ამიტომ რუსეთს საქართველოში გავლენის მოპოვებისთვის უფრო მეტი წინაღობასთან და შეჯიბრთან უწევს გამკლავება, ვიდრე ეს ტრადიციულად იყო... პუტინი შეეცდება გაზარდოს გავლენა პოსტ-საბჭოთა სივრცეზე, მათ შორის, კავკასიის რეგიონში, თუმცა მისი რესურსები მცირდება. რუსეთს დიდი ხანია ეკონომიკური პრობლემები აქვს. დასავლეთი კი გასაკვირად ერთიანია მიუხედავად რუსეთის ქმედებებისას“ - თქვა კრის მილერმა, თუმცა მას მიაჩნია, რომ რუსეთი არ დათმობს საკუთარი ინტერესებს. მისი თქმით, მომავალი ექვსი წელი „პუტინი შეეცდება გაზარდოს საკუთარი გავლენა პოსტ-საბჭოთა სივრცეზე, მათ შორის, კავკასიის რეგიონში, მიუხედავად იმისა, რომ მისი რესურსები მცირდება".


მოსკოვმა დასავლეთის დიპლომატიურ შეტევას საპასუხო და იდენტური ნაბიჯით უპასუხა. ამ ფონზე, ექსპერტებს მიაჩნიათ, რომ დასავლეთის ერთიანობა და მტკიცე პოზიცია აღმოსავლეთ ევროპაში და საერთაშორისო არენაზე მოსკოვის ამბიციების შეკავებისვის საუკეთესო ფორმულაა.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930