14-07-2020
საქართველოს გენერალური პროკურატურის ინიციატივით, რეგიონებში არასრულწლოვანთა ადგილობრივი მულტიდისციპლინური ჯგუფების შეხვედრები დაიწყო, რომელშიც მონაწილეობას არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების პროცესში მონაწილე პროკურორები, გამომძიებლები, მოსამართლეები, ადვოკატები, სოციალური მუშაკები, მედიატორები, გაეროს ბავშვთა ფონდის, მუნიციპალიტეტების, საგანმანათლებლო დაწესებულებებისა და სასჯელაღსრულების დაწესებულებების წარმომადგენლები იღებენ.
მულტიგუნდური შეხვედრები სხვადასხვა უწყების წარმომადგენლებს საშუალებას აძლევს კომპლექსურად განიხილონ როგორც სამართლებრივი, ისე პრევენციული ხასიათის საკითხები, ასევე იმსჯელონ არასრულწლოვანთა მართლმსაჯულებაში არსებულ პრობლემებსა და მათი გადაჭრის გზებზე.
აღნიშნული ღონისძიების ფარგლებში, საქართველოს გენერალური პროკურატურა ადგილობრივ დონეზე სხვადასხვა მიმართულებით იდენტიფიცირებული პრობლემების შესახებ ცენტრალური რგოლების ინფორმირებას უზრუნველყოფს და პრიორიტეტულ საკითხებზე წინადადებებისა და რეკომენდაციების შემუშავებაში აქტიურად ჩაერთვება.
არასრულწლოვანთა ადგილობრივი მულტიდისციპლინური ჯგუფების შეხვედრები აჭარის, სამეგრელო-ზემო სვანეთის, დასავლეთის, სამცხე-ჯავახეთის, შიდა ქართლის, ქვემო ქართლის, კახეთის რეგიონებსა და თბილისში იმართება და პანდემიური ვითარების გათვალისწინებით ონლაინ-რეჟიმში ტარდება.
არასრულწლოვანთა ადგილობრივი მულტიდისციპლინური საბჭო წარმოადგენს საკოორდინაციო მექანიზმს, რომლის მიზანია ადგილობრივ დონეზე არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის ეფექტიანი იმპლემენტაციის და ცალკეული ნორმების ერთგვაროვანი ინტერპრეტაციის უზრუნველყოფა, არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების სრულყოფა, არასრულწლოვანთა დანაშაულის პრევენციის მექანიზმების და უწყებათშორისი მულტიდისციპლინური თანამშრომლობის გაძლიერება, არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების სისტემაში სოციალური დაცვისა და დახმარების კომპონენტის გაძლიერების ხელშეწყობა და საჭიროებისამებრ, საკანონმდებლო ცვლილებების მომზადებისა და ინიცირების პროცესში ჩართულობა.