15-07-2020
„შემთხვევით ინტერესთა კონფლიქტი ხომ არ გაქვთ?“ - ეს კითხვა უმრავლესობის წევრმა ნინო წილოსანმა ევროპული საქართველოს წევრს სერგი კაპანაძეს დარგობრივი ეკონომიკის კომიტეტის სხდომაზე დაუსვა, რაზეც პასუხად მიიღო - არა.
„თქვენ, როგორც აქამდე, ახლაც არაკეთილსინდისიერად იქცევით და მე მზად ვარ გავასაჯაროო ეს თემა“ - მიმართა წილოსანმა კაპანაძეს. დეპუტატი გულისხმობდა სერგი კაპანაძის ძმას, რომელიც „კავკასუს ონლაინის“ იურისტია.
წილოსანის თქმით, სერგი კაპანაძემ იცრუა, როდესაც თქვა, რომ ეთიკის კოდექსი არ დაურღვევია.
„სერგი კაპანაძის ძმა ამ შემთხვევაში წარმოადგენს მხარეს და დღეს სიტყვითაც გამოვიდა, ეს არის ფაქტი, ინტერესთა კონფლიქტი და ეთიკის კოდექსის დარღვევა, რაც კიდევ ერთხელ მიანიშნებს იმას, რამდენად მოტივირებულია ამ ადამიანის განცხადებები, ემოცია, რამდენად მიუკერძოებელია ის და რითაა განპირობებული მისი და მისი პარტიის წევრების განსაკუთრებული აქტიურობა ამ კომიტეტის მსვლელობისას მაშინ, როდესაც ისინი ამ კომიტეტის წევრებიც კი არ არიან“ - განაცხადა ნინო წილოსანმა.
მისი თქმით, საქართველოს პარლამენტის წევრმა პარლამენტის წევრის სტატუსი თავისი ოჯახის წევრის, ან ნათესავის ინტერესებისთვის არ უნდა გამოიყენოს.
„ოპოზიციონერი კოლეგის კეთილსინდისიერებასთან დაკავშირებით მინდა გავაკეთო განცხადება და წავიკითხო ქცევის კოდექსიდან ამონარიდი. საქართველოს პარლამენტის წევრმა პარლამენტის წევრის სტატუსი თავისი ოჯახის წევრის, ან ნათესავის ინტერესებისთვის არ უნდა გამოიყენოს. კოდექსის მიზნებისთვის ოჯახის წევრის და ახლო ნათესავების განმარტება შეგიძლიათ ნახოთ საჯარო დაწესებულებაში ინტერესთა შეუთავსებლობის და კორუფციის შესახებ კანონში, ასევე საქართველოს პარლამენტის წევრი ვალდებულია შესაბამისი საკითხის განხილვის დასრულებამდე და ეს პირველი დღე არ არის, როდესაც ამ საკითხს ვიხილავთ, თავისი, ან ოჯახის წევრის სამეწარმეო საქმიანობასთან დაკავშირებული განსაკუთრებული ინტერესის თაობაზე წერილობით მიმართოს საქართველოს პარლამენტის საპროცედურ საკითხთა და წესების კომიტეტს, რომელიც ამ ინფორმაციას საქართველოს პარლამენტის ვებგვერდზე განათავსებს“ - განაცხადა ნინო წილოსანმა.
მისი თქმით, ეთიკის კოდექსში ეს ჩანაწერი გამომდინარეობს იქიდან, რომ საზოგადოება და ნებისმიერი დამსწრე ადამიანი საქმის კურსში იყოს პარლამენტის წევრის ინტერესების, მისი ემოციის და გამოთქმული მოსაზრებების დამოკიდებულებების შესახებ.