15-07-2020
ტრამპის გადაწყვეტილებით შეერთებულ შტატებსა და ჰონკონგს შორის სპეციალურმა გამარტივებულმა სავაჭრო შეთანხმებამ ძალა დაკარგა. მიზეზი პეკინის მიერ თავსმოხვეული „უსაფრთხოების კანონია“ რომელიც ფაქტობრივად ასრულებს რეგიონის ფართო ავტონომიას.
შეღავათების გაუქმებასთან ერთად ტრამპმა ასევე ხელი მოაწერა დოკუმენტს, რომელიც სანქციების დაწესებას ითვალისწინებს იმ ჩინელი და ჰონგ-კოგელი მაღალჩინოსნებისთვის, რომლებმაც 2019-2020 წლებში პროტესტის ჩახშობასა და რეგიონის თავისუფლების შეზღუდვაში მიიღეს მონაწილეობა.
ჰონკონგი ჩინეთს ბრიტანეთისგან ფართო ავტონომიის მინიჭების პირობით 1997 წელს გადაეცა. თავისუფლება 50 წელს უნდა გაგრძელებულიყო, მაგრამ რეალობაში მისი ნახევარიც ვერ გაძლო.
2018 წელს აშშ-სა და ჰონკონგს შორის სავაჭრო ბრუნვამ $67 მლრდ შეადგინა, საიდანაც აშშ-ის პროფიციტი $33 მლრდ იყო.
ჩინეთი ჰონკონგს თავის განუყოფელ ნაწილად მიიჩნევს, იმდენად, რომ „ერთი ქვეყანა - ორი სისტემა“ „ერთი ქვეყანა - ერთი სისტემით“ ანაცვლებს, რის გამოც და არამხოლოდ ამის გამო საპასუხო სანქციებით იმუქრება. ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებული განცხადების თანახმად ფიზიკური პირებისა და ამერიკული ბანკების წინააღმდეგ საპასუხო სანქციები 15 ივლისიდან დაწესდება. „ჰონკონგის საქმე არის ჩინეთის საქმე და არც ერთ სხვა ქვეყანას მასში ჩარევის უფლება არ გააჩნია“- აცხადებენ ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში.