15-07-2020
მცენარეთა დაცვის სპეციალისტები მეთხილე ფერმერებს მოუწოდებენ, ნარგავებში აგროსამუშაოები დროულად და გეგმის მიხედვით ჩაატარონ. ბიოლოგიური ციკლის გათვალისწინებით, ამ პერიოდში აღინიშნება აზიური ფაროსანას ზაფხულის პირველი თაობის მესამე-მეოთხე ასაკის ინდივიდები, რომლებსაც თხილის მოსავლის დაზიანება შეუძლიათ.
ამავდროულად, მოსავლის გადარჩენისა და ხარისხის შენარჩუნებისათვის, უმნიშვნელოვანესია თხილის სოკოვანი დაავადებებისგან დაცვა და შემუშავებული სქემის მიხედვით, პრევენციული წამლობების ჩატარება.
აზიურ ფაროსანასთან ბრძოლის ღონისძიებები, სახელმწიფო პროგრამის შესაბამისად, გეგმის მიხედვით მიმდინარეობს. აბაშის მუნიციპალიტეტში არსებულ საკოორდინაციო მართვის ცენტრში მობილიზებულია სპეციალიზებული ტექნიკა. მავნებლის რაოდენობის დადგენისა და ღონისძიებების დაგეგმვის მიზნით, ყოველდღიურად ტარდება მონიტორინგი. წელს მავნებლის რაოდენობა შემცირებულია, თუმცა სასოფლო-სამეურნეო კულტურების გადასარჩენად, მნიშვნელოვანია ბრძოლის ღონისძიებების გაგრძელება და მოსახლეობის, ფერმერების ჩართულობა.
სააგენტო, „თხილის გადარჩენის პროგრამის“ ფარგლებში, აქტიურად თანამშრომლობს თხილის მწარმოებელთა ასოციაციასთან, რომელშიც ათი ათასობით მეთხილე ფერმერია გაწევრიანებული. ფერმერთა ჯგუფები რეკომენდაციებს იღებენ 150 აგრონომ-კონსულტანტისაგან. წამლობისთვის გამოყოფილია 2500 სპეციალური შესაწამლი აგრეგატი.
„თხილის გადარჩენის პროგრამა“ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრომ „თხილის მწარმოებელთა ასოციაციასთან“ ერთად 2019 წელს შეიმუშავა. პროგრამის ფარგლებში ჩატარდა კომპლექსური ღონისძიებები (სახელმწიფომ ასოციაციას გადასცა შესაწამლი აპარატები, რომლითაც ისარგებლეს ფერმერებმა, აგროკონსულტანტების მონაწილეობით ჩატარდა მასშტაბური საკონსულტაციო სამუშაოები). სახელმწიფოსა და კერძო სექტორის ერთობლივი მუშაობის შედეგად 2019 წელს, წინა წელთან შედარებით, ფერმერებმა თხილის კარგი მოსავალი მიიღეს.
აზიური ფაროსანას მონიტორინგის მიზნით, USAID/საქართველომ თხილის სექტორის განვითარების პროექტის“ (G-HIP) ფარგლებში, სურსათის ეროვნულ სააგენტოს მიმდინარე წელს 104 ათასი ფერომონი (მავნებლის მოსაზიდი) გადასცა.