15-07-2020
სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის შეიარაღებული კონფლიქტი მეოთხე დღეა გრძელდება. დაღუპულთა რაოდენობამ ორივე მხრიდან 16-ს მიაღწია. ხელშეკრულების დარღვევასა და პირველ გასროლაში სომხეთი აზერბაიჯანს და აზერბაიჯანი სომხეთს ადანაშაულებს.
სახელმწიფოთა უმრავლესობამ კონფლიქტის გამო შეშფოთება გამოთქვა. მათ მხარეებს ცეცხლის შეწყვეტისა და დიალოგის განახლებისკენ მოუწოდეს. გამონაკლისი თურქეთი აღმოჩნდა, რომელმაც აზერბაიჯანს ღიად დაუჭირა მხარი, რაც თავის მხრივ, სომხეთის პრემიერის ნიკოლ ფაშინიანის აღშფოთების მიზეზი გახდა.
წინა წლების დაპირისპირებებისგან განსხვავებით, კონფლიქტის ეპიცენტრი ყარაბაღისგან მოშორებით, ტავუშის რეგიონში მდებარეობს.
ოფიციალურად დადასტურებული მონაცემების მიხედვით, დაზარალებული უფრო მეტად აზერბაიჯანია. 16-დან 12 დაღუპული აზერბაიჯანზე მოდის, მათ შორის 1 სამოქალაქო პირი, 1 პოლკოვნიკი და 1 გენერალი. არსებობს ვარაუდი, რომ სომხეთი მსხვერპლის რეალურ მონაცემს მალავს. 15 ივლისს ალიევმა მოკლული გენერლის პოლად აშიმოვის დედასთან და მოკლული პოლკოვნიკის ილგარ მარზაევის შვილთან სატელეფონო საუბარი გამართა.
ადამიანური მსხვერპლის მიუხედავდ სამხედრო ტექნიკის განადგურებაზე ინფორმაცია მწირია. მაქსიმუმ, ის შეიძლება იყოს რამდენიმე უპილოტო და საარტილერიო ბატარეა. არა ტანკები და თვითმფრინავები.
ალიევი შურისძიებით იმუქრება, თუმცა მხოლოდ მუქარა აზერბაიჯანში არასაკმარისად მიაჩნიათ. კრიტიკული განცხადებების გამო ქვეყნის ყოფილი თავდაცვის მინისტრი რაჰიმ გაზიევი დააკავეს. მას შეიარაღებული ძალების დისკრედიტაციაში დასდეს ბრალი. 14 ივლისს ბაქოში შეკრებილმა მოქალაქეებმა სომხეთის წინააღმდეგ უფრო აქტიური ნაბიჯების გადადგმა მოითხოვეს. დემონსტრანტები „ყარაბაღსაც“ სკანდირებდნენ. აქციის რამდენიმე მონაწილე 10-15 წუთით პარლამენტში შეიჭრა, საიდანაც პოლიციამ ძალის გამოყენებით გამოდევნა.
მიმდინარე შეტაკებები 2016 წლის კონფლიქტის შემდეგ ყველაზე მასშტაბურია. 4 წლის წინ, 2016 წლის აპრილში, სრულად იყო მობილიზებული როგორც აზერბაიჯანის, ასევე, სომხეთისა და მთიანი ყარაბაღის თვითგამოცხადებული რესპუბლიკის არმიები, ჯამში 130 000-ზე მეტი ჯარისკაცი. დანაკარგების შესახებ დღემდე ურთიერთგამომრიცხავი ცნობები კეთდება, დაღუპულთა რაოდენობამ ოფიციალურად 300-ს გადააჭარბა, ზოგი წყაროს ცნობით 1000-საც. განადგურდა 50-ზე მეტი ტანკი და სხვა სამხედრო ტექნიკა. აზერბაიჯანმა მართალია მოახერხა რამდენიმე სიმაღლის დაკავება, მაგრამ მნიშვნელოვანი გამარჯვებისთვის არ მიუღწევია.
გადაიზრდება თუ არა დღევანდელი კონფლიქტი 4 წლის წინანდელი შეიარაღებული დაპირისპირების მასშტაბში, პოლიტოლოგებსა და სამხედრო ექსპერტებს ამის გადაჭრით თქმა და წინასწარი დასკვნების გამოტანა უჭირთ. მნიშვნელოვანია იმის გათვალისწინება, რომ კონფლიქტი 2 ქვეყნის ინტერესებს სცდება, სომხეთზე პირდაპირი შეტევა შესაძლოა, რუსეთმა საკუთარ ტერიტორიაზე თავდასხმად შეაფასოს, აზერბაიჯანს კი ტრადიციულად, თურქეთი მფარველობს. პანდემიის მიუხედავად, საკუთარ პოზიციებს მარტივად არცერთი მათგანი არ დათმობს. ნებისმიერ შემთხვევაში, ფართომასშტაბიანი ომი თავის ნეგატიურ გავლენას მთელს რეგიონზე, მათ შორის საქართველოზეც მოახდენს.
სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის 1 საუკუნეზე მეტი ხნის წინ დაწყებული კონფლიქტი ჯერ კიდევ საბჭოთა პერიოდში 1988 წელს განახლდა. იმპერიის დაშლის შემდეგ კი კონფლიქტი სრულმასშტაბიან ომში გადაიზარდა. სომხეთმა რუსეთის ირიბი დახმარებით ყარაბაღის დაკავება მოახერხა. აზერბაიჯანი მას დღემდე ოკუპირებულ ტერიტორიად მიიჩნევს. ცეცხლის შეწყვეტის ხელშეკრულებას ხელი 1994 წელს მოეწერა, თუმცა ამ დოკუმენტს მშვიდობა არ მოუტანია. 1994 წლიდან დღემდე რეგიონში სროლებს ორივე მხრიდან 3500 სამხედრო და სამოქალაქო პირი ემსხვერპლა. იქამდე 1988-1994 წლებში შეიარაღებულ კონფლიქტს 38 000 ადამიანი შეეწირა.
აზერბაიჯანი-სომხეთის საზღვარზე მხარეებს შორის ცეცხლი 12 ივლისს გაიხსნა. ქვეყნებმა ერთმანეთი „ცეცხლის შეწყვეტის შესახებ“ ხელშეკრულების დარღვევაში დაადანაშაულეს.