გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
პროკურატურა ბრალდებულ დ.ც.-ს სისხლის სამართლის საქმეზე განცხადებას ავრცელებს

15-07-2020


პროკურატურამ მეუღლის მიმართ განხორციელებული ძალადობის და მუქარის ფაქტზე დ.ც.-ს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა 151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით და 126-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით 2020 წლის 29 აპრილს წარუდგინა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს გამოძიებით დადგინდა, რომ 2020 წლის 27 აპრილს, ღამის საათებში, ნასვამ მდგომარეობაში მყოფმა დ.ც.-მ მეუღლეს მ.ბ.-ს სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა, შემდეგ კი ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენებით სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა, რა დროსაც ცეცხლსასროლი იარაღიდან ერთჯერადად გაისროლა. სამართალდამცველებმა დ.ც. შემთხვევის ადგილზე დააკავეს.

ბრალდების მხარემ თბილისის საქალაქო სასამართლოს, ბრალდებულ დ.ც.-სთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდების შუამდგომლობით 2020 წლის 30 აპრილს მიმართა, რაც თბილისის საქალაქო სასამართლომ დააკმაყოფილა. ასევე 2020 წლის 18 ივნისის წინასასამართლო სხდომაზე ბრალდებულ დ.ც-ს მიმართ არ შეცვლილა აღკვეთის ღონისძიება და დარჩა პატიმრობაში.

მოცემულ საქმეზე, 2020 წლის 26 ივნისს არსებითი განხილვის სხდომაზე, ბრალდების მხარის მიერ მოწმის სახით დაბარებულ იქნა დაზარალებული მ.ბ, რომელმაც გამოიყენა მისთვის კანონით მინიჭებული უფლება და ახლო ნათესავის წინააღმდეგ არ მისცა ჩვენება. დაზარალებულის პოზიციის დაფიქსირების შემდგომ, დაცვის მხარემ სასამართლოს წინაშე დააყენა შუამდგომლობა ბრალდებულ დ.ც.-ს მიმართ აღკვეთის ღონისძიების - პატიმრობის გაუქმების შესახებ და უფრო მსუბუქი აღკვეთის ღონისძიება - გირაოს გამოყენების თაობაზე, რასაც ბრალდების მხარე არ დაეთანხმა. სასამართლომ დააკმაყოფილა დაცვის მხარის შუამდგომლობა და ბრალდებულ დ.ც.-ს აღკვეთის ღონისძიების სახით შეუფარდა გირაო 30000 ლარის ოდენობით.

თბილისის საქალაქო სასამართლოში გრძელდება სისხლის სამართლის საქმის განხილვა. დ.ც.-ს მიმართ წარდგენილი ბრალდება სასჯელის სახედ და ზომად ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 3 წლამდე ვადით.

საქართველოს პროკურატურისთვის პრიორიტეტს წარმოადგენს ოჯახური დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლა. ბოლო წლების განმავლობაში სამართალდამცავი სისტემის, მათ შორის პროკურატურის აქტიური მუშაობის შედეგია ოჯახურ დანაშაულზე ყოველწლიურად მზარდი სისხლისსამართლებრივი დევნის მაჩვენებლები. 2020 წლის 6 თვის მონაცემებით ოჯახურ დანაშაულზე დევნა დაწყებულია 2311 პირის მიმართ, რაც მიუთითებს აღნიშნული ტიპის დანაშაულზე მომართვიანობის ზრდის ტენდენციაზე.

ოჯახურ დანაშაულში ბრალდებული პირების მიმართ კვლავ ხორციელდება მკაცრი სისხლის სამართლის პოლიტიკა. გაზრდილია პროკურორთა მიერ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის მოთხოვნის მაჩვენებელი. კერძოდ, ოჯახური დანაშაულის ჩამდენ ბრალდებულ პირთა მიმართ სასამართლოში წარდგენილი შუამდგომლობებიდან 2019 წელს პატიმრობა მოთხოვნილი იქნა 92%-ის მიმართ. აღკვეთის ღონისძიების მოთხოვნის პარალელურად საკმაოდ მაღალია ბრალდებულთა მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების მაჩვენებელიც.

პრინციპული და თანმიმდევრულია პროკურატურის პოლიტიკა ოჯახური დანაშაულის ჩამდენ პირთა მიმართ სახელმწიფო ბრალდების მხარდაჭერის ეტაპზე, რაც გამოიხატება მკაცრი სასჯელის განსაზღვრის მოთხოვნაში, რასაც აქვს როგორც კერძო, ასევე ზოგადპრევენციული დატვირთვა. საქართველოს პროკურატურის მიერ გატარებული უმკაცრესი პოლიტიკის მიზანია ოჯახური დანაშაულის შემცირება და ძალადობის მსხვერპლთა დაცვა.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930