16-07-2020
„კრიტიკული ინფრასტრუქტურა ამ კანონის შემუშავების მთავარი მიზეზი იყო. ტელესაკომუნიკაციო სექტორში დასაქმებული ყველა მსხვილი კომპანია, რომელიც მობილური კომუნიკაციების სერვისებსა და ფიქსირებული კომუნიკაციების სერვისებს აწვდის მომხმარებელს, ფლობს კრიტიკულ ინფრასტრუქტურას. კერძოდ, ეს არის ოპტიკურ-ბოჭკოვანი ინფრასტრუქტურა, რომელიც გამოიყენება ინტერნეტ სერვისებისა და სხვა ტელესაკომუნიკაციო სერვისების მიწოდებისთვის და ასევე, მობილური კომუნიკაციების ინფრასტრუქტურა, ეს არის ანძები, გადამცემები, რომლითაც ჩვენი მოსახლეობა იღებს მობილურ კომუნიკაციებს, ინტერნეტს, ხმოვან მომსახურებას და ა.შ.,“ - ამის შესახებ განმარტებები კომუნიკაციების კომისიის თავმჯდომარემ კახა ბექაურმა გააკეთა.
კახა ბექაურმა დეტალურად ახსნა რას ითვალისწინებს „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ კანონში შესატანი ცვლილებები და რა დადებითი გავლენა აქვს ამ ცვლილებებს საზოგადოებაზე და სატელეკომუნიკაციო სფეროზე.
„კანონპროექტის მთავარი არსი რაში მდგომარეობდა: ის ეხებოდა ამ კრიტიკული ინფრასტრუქტურის მფლობელ კომპანიებს და ჩვენ, მთავრობასთან ერთად თანაავტორობით, შევიტანეთ პარლამენტში. ეს ცვლილებები გამიზნულია იმისთვის, რომ მიეცეს კომუნიკაციების კომისიას დამატებითი უფლებამოსილება კრიტიკული ინფრასტრუქტურის მქონე კომპანიებზე, თუ ისინი კანონმდებლობას ან კომისიის გადაწყვეტილებებს დაარღვევენ, სახელწმიფოს უნდა ჰქონდეს აღსრულებისთვის ეფექტიანი მექანიზმი. კერძოდ, ეს დამატებითი აღსრულების ეფექტიანი მექანიზმი მდგომარეობს დროებითი მმართველის შეყვანაში. რას ითვალისწინებს კანონი და რატომ დროებითი მმართველი: დღევანდელი მოქმედი კანონმდებლობით, იმ გადაწყვეტილებებისთვის და იმ კანონებისთვის, რომელსაც უნდა იცავდეს ტელესაკომუნიკაციო სექტორის მსხვილი კომპანიები, დარღვევის შემთხვევაში გათვალისწინებულია ოთხი სანქცია. გაფრთხილება და სამი ფინანსური ჯარიმა. ამის შემდგომ კანონში გათვალისწინებულია მხოლოდ ლიცენზიის ჩამორთმევა, ავტორიზაციის ანუ საქმიანობის შეჩერება. რა თქმა უნდა, ეს არ არის ეფექტიანი მექანიზმი. თუ სამი ჯარიმა გადაიხადა და მაინც გააგრძელა კომპანიამ დარღვევა, ასეთი მაგალითიც არის, ერთ-ერთი არის „კავკასუს ონლაინი“. ჯარიმების შემდეგ საქმიანობის შეჩერება არ არის ეფექტიანი მექანიზმი, რადგან ზარალდება მომხმარებელი. მას უწყდება ტელესაკომუნიკაციო სერვისები, საუბარია მილიონობით ადამიანზე. ამიტომაც ჰქვია ამას კრიტიკული ინფრასტრუქტურა, თუ ისინი გაჩერდნენ ჩანაცვლებადი არ არის. ჩვენ შევედით ინციატივით, რომ შეჩერება არ არის კარგი აღსრულების მექანიზმი და არც ჯარიმა. თუ კომპანიების მხრიდან მძიმე დარღვევებს ექნება ადგილი, შემოვიღოთ უფრო მსუბუქი მექანიზმი, ვიდრე არის ლიცენზიის ჩამორთმევა. დროებითი მმართველის მექანიზმი, რომელიც იმ გადაწყვეტილების აღსრულებისთვის შევიდეს მხოლოდ, რომლის აღსრულებისთვისაც ურჩობს ეს კომპანია“, - განმარტა კახა ბექაურმა იმედის ეთერში.